საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მიზანი ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა.
„მნიშვნელოვანია, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკოსისტემაც არსებობდეს. ასევე, ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, უკვე შთამბეჭდავი არის ეს ყველაფერი და ჩვენი ქვეყნის პოზიცია უკვე სხვადასხვა ინდექსებით გამყარებულია, როგორიც არის მაგალითად ბიზნესის კეთების სიმარტივე, მმართველობა ან კანონის უზენაესობა.
ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ როგორც რეგიონული ცენტრის პოზიციის ქვეყანა, ჩვენი მიზანი არის, რომ განვახორციელოთ ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს არის პრიორიტეტი ჩვენთვის.
ჩვენი, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის და ეს მწვანე ველი თუ მწვანე სფერო ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იქნება განთავსებული. ნამდვილად, ეს იქნება შესაძლებლობა იმის, რომ ყოველწლიურად 100 მლნ კონტეინერის გადაზიდვა მოხდეს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის, პოზიციის მხარდასაჭერად ჩვენი მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებას.
„აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, შუა დერეფანი საქართველოს გავლით ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არსებული მარშრუტების სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით, გამარტივებული პროცესებით და კონკურენტული ხარჯთწარმოებით იზრდება ამ დერეფნის მნიშვნელობა.
საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის, პოზიციის მხარდასაჭერად ჩვენი მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება განხორციელდა ქვეყნის გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაზე ისევე, როგორც ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების შემუშავებაზე.
ეს მოიცავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს, რომელიც სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის და მწვანე, განახლებადი ენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობებს გააჩენს საქართველოს გავლით ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის, ხოლო შავ ზღვაზე გაუმჯობესებული საბორნე მიმოსვლა გააძლიერებს საერთაშორისო ტრანზიტს შუა დერეფნის გავლით.
ახალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოს შესაძლებლობებს გაზრდის დიდი ოდენობის ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით. გარდა ამისა, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი სწრაფ ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე, რაც ჩვენს მოსახლეობას უფრო სწრაფი და საიმედო ინტერნეტკავშირით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის მიზნით 2024 წლის ბოლომდე ეროვნული რკინიგზის გამტარუნარიანობა ორჯერ გაიზრდება, ძირითადი მაგისტრალებისა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დაგეგმილ გაუმჯობესებასთან ერთად.
ჩვენი მთავრობა საჰაერო კავშირსაც აძლიერებს თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობით, რომელიც უმაღლესი კატეგორიის სატრანსპორტო კვანძი გახდება და საქართველოს პოზიციებს გააძლიერებს გლობალური საავიაციო სექტორის მნიშვნელოვანი მონაწილის რანგში,“ - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.