აზერბაიჯანის პრემიერი: საქართველოს პორტებში ტვირთის ტრანსპორტირების დრო მნიშვნელოვნად შემცირებულია, ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს

ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში ტვირთის ტრანსპორტირების დრო წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია, ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერი-მინისტრმა, ალი ასადოვმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ასადოვის თქმით, შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ჩატარებული სამუშაოს შედეგად, მოკლე დროში მიიღწა შედეგები, რაც აისახა ტრანსპორტირების დაჩქარებას და ხარისხში.

„ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში ტვირთის ტრანსპორტირების დრო წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია, ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს. ვფიქრობ, რომ ეს დერეფანი გახდება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი დერეფანი გლობალურ დონეზე.

ცხადია, რომ რკინიგზის გარდა, შუა დერეფნის პოტენციალი მჭიდროდ არის დაკავშირებული პორტებში ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობებთან. ამ მხრივ, ბაქოს პორტი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია კასპიის ზღვაში, უკვე ზემოთ ხსენებული სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვან ჯაჭვს წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრე 15-დან 25 მილიონამდე გაიზარდოს. ბათუმისა და ფოთის პორტები ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია შუა დერეფნისთვის - ამავდროულად, ყულევის პორტის გაფართოება აზერბაიჯანის მიერ, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, რა თქმა უნდა, წვლის შეიტანს შუა დერეფნის განვითარებაში,“ - აღნიშნა ასადოვმა. 


  • ასადოვის თქმით, აზერბაიჯან-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგშია ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი.

„ჩვენ მზად ვართ, რომ ამ სფეროშიც ვითანამშრომლოთ. გარდა პორტებისა, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო სატვირთო გადაზიდვის საშუალებები არსებობდეს საქონლის ტრანსპორტირებისთვის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანს კასპიის ზღვაზე ყველაზე დიდი გადასაზიდი საშუალებები აქვს,“ - აღნიშნა ასადოვმა.


მისივე თქმით, ახალი გამოწვევების გათვალისწინებით მუშაობენ სამოქალაქო სატვირთო გადაზიდვების გაფართოებაზე.

„რეგიონში უკვე ახალი რეალობებია შექმმნილი, რაც კარგ შესაძლებლობებს ქმნის, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს რეგიონული- მრავალმხრივი თანამშრომლობა და უფრო ახალ დონეზე ავიდეს თანამშრომლობა - მეტი ეკონომიკური და სავაჭრო დივიდენდები იყოს შეძენილი რეგიონის ყველა ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის პრემიერმა. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობენ, ერთობლივი წვლილი შეიტანონ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.


  • „ბაქო-თბილისი ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, მათ შორის სამხრეთ გაზსადენი. ეს ერთობლივად განხორციელებული სტრატეგიული პროექტებია,“ - განაცხადა ასადოვმა.

მან ევროკომისიასთან გაფორმებულ შეთანხმებას გაუსვა ხაზი, რომლის თანახმად, აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის მიწოდებას აორმაგებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბევრი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას ევროპაში.

ასადოვმა „ტრასეკას“ პროექტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ პროექტმა გააფართობა მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი.


ასადოვის თქმით, აზერბაიჯანს შესანიშნავი ეკონომიკური-სავაჭრო დაკავშირების შესაძლებლობა აქვს ოთხიდან სამ მეზობელ ქვეყანასთან.

მან ამავე ფორუმზე სომეხი კოლეგის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ წამოჭრილ თემაზე გაამახვილა ყურადღება.


„მეზობელი ქვეყნის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წამოჭრა საკითხი და მინდა, ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ამის მიმართ. ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა პოზიცია, რომ დამყარებულიყო მშვიდობა. გასულ თვეში, ამ ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, ჩვენ იგივე ინტერესი გამოვხატეთ, რომ დამკვიდრდეს მშვიდობა, რომელიც შეეხება განსაკუთრებით სატრანსპორტო სფეროს იმ დეკლარაციის შესაბამისად, რომელიც 2020 წლის 9 და 10 ნოემბერს გაფორმდა.

აზერბაიჯანი ძალიან ბევრს მუშაობდა, რათა თავისი ასეთი პოზიცია წარმოეჩინა. ჩვენ გვინდა, რომ ეს კომუნიკაცია ნამდვილად ღიად მიმდინარეობდეს. ეს მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუკი მეორე მხარეც მოისურვებს, ჩვენ შეგვიძლია, რომ წინ წავიდეთ და სხვა შესაძლებლობების გამოყენებაც შეგვიძლია,“ – განაცხადა ალი ასადოვმა.


ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.