ელჩი რობინ დანიგანი: ვიცით შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლიც, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ პროექტის განვითარებას

აშშ-ის ელჩის შეფასებით, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც იკრიბებიან კერძო და საჯარო სექტორი, შუა დერეფნის ქვეყნების ლიდერები ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად.

ელჩი დანიგანი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობს, ისევე, როგორც არაერთი სტუმარი აშშ-დან - ისინი ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელებსა და სხვა ღონისძიებებს დაესწრებიან. მათ შორის, როგორც აშშ-ის ბიზნეს-სექტორიდან, ისე USAID-დან, საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან.


„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ფორუმზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მასპინძლობს და ჩვენ გვყავს დიდი წარმომადგენლობა შეერთებული შტატების მხრიდან, როგორც კომპანიებიდან და ასევე საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან. იცით, როცა ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის რეალიზების პროექტზე და საოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი და ვხედავ, რას მიაღწია საქართველომ შუა დერეფნის განვითარების კუთხით, გზების რკინიგზის და პორტების განვითარების კუთხით, სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, შეერთებული შტატები და ჩვენი კომპანიები, რათა გავაგრძელოთ ამ განვითარების მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა, რადგან ვიცით შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლი ამ შუა დერეფანში. ასე რომ, როგორც ელჩი აქ, მე აბსოლუტურად მზად ვარ, მხარი დავუჭირო ამ საკითხს.

ვფიქრობ, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფრმაა, სადაც იკრიბება კერძო სექტორი და საჯარო სექტორი, შუა დერეფნის ქვეყნების ლიდერები ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ კერძო სექტორისა და საჯარო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის გარეშე. ასე რომ, მე ნამდვილად ვაფასებ პრემიერის და საქართველოს მთავრობის ინიციატივას ამ მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარებისთვის,“ - განაცხადა ელჩმა დანიგანმა.


„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა“ დღეს დაიწყო მუშაობა, ის 26-27 ოქტომბერს გაგრძელდება და ათ თემატურ პანელს მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით: შუა დერეფანი, ინვესტიციები, სავაჭრო კავშირები, ტურიზმი, ენერგეტიკა და ა.შ.


შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.


TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.


ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში.


აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.

ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.