მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი თბილისში: მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს ევროკავშირს

მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა, დრიტან აბაზოვიჩმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მონტენეგრო, ისევე როგორც საქართველო, ცდილობს, ხიდის როლი შეასრულოს, დააახლოოს მეზობლები, დააახლოოს ადამიანები და დაინახოს შესაძლებლობები.

„როგორ შეიძლება, მომავალში უფრო მეტი სიბრძნე და ჭკუა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ ევროპის დანარჩენი ნაწილისთვის კარგი გავაკეთოთ. იდეა ძალიან მარტივია. ჩვენ არ შეგვიძლია, შევცვალოთ წარსული, ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ მხოლოდ მომავალი, ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და ის, რაც ჩვენი ვალდებულებაა, არის ის, რომ შევცვალოთ მომავალი. შევცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ, რომ ხელი შევუწყოთ მეტ მშვიდობას, მეტ სტაბილურობას, მეტ კარგ პროექტს, მეტ ინფრასტრუქტურას და ადამიანების დაახლოებას.


განსაკუთრებით მივულოცავ ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან დღეს აქ ერთად შეკრიბა ჩვენი ორი კოლეგა ჩვენი მეგობრები, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები, მონტენეგროს ორი მეგობარი ქვეყნის პრემიერები და ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გზა იმისთვის, რომ ვისაუბროთ მომავალ მნიშვნელოვან პროექტებზე. მნიშვნელოვანზე არამხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ ასევე ევროპისა და აზიისთვის. დღეს, გლობალიზებულ სამყაროში, არ არის მნიშვნელოვანი, რამდენად დიდია ქვეყანა, მნიშვნელოვანია, რამდენად დიდია იდეა, რომელიც გვაქვს და რომლის ხელშეწყობაც და მიღებაც შეგვიძლია.


ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ წვდომაზე, ვისაუბროთ გზებზე, აეროპორტებსა და პორტებზე. და ამ აზრით, ყოველი ინიციატივა, „აბრეშუმის გზა“, ყველაფერი, რის შესახებაც ჩვენ დღეს აქ მოვისმინეთ ჩვენი კოლეგებისაგან და ამ ფორუმის განმავლობაში იქნება გადამწყვეტად მნიშვნელოვანი მომავლისთვის და მშვიდობისთვის. მშვიდობის გარეშე პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა არ არსებობს,“ - განაცხადა მონტენეგროს პრემიერმა.


იქედან გამომდინარე, რომ დღეს მსოფლიო დიდი გლობალური გამოწვევების წინაშე დგას, დრიტან აბაზოვიჩმა კონფლიქტების დიალოგის გზით გადაჭრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ამჟამად ძალიან ცუდი სიტუაციაა და ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის. უნდა დავსხდეთ, ვისაუბროთ იმისთვის, რომ ვნახოთ გამოსავალი. პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობა მიუღებელია. ეს არის აზროვნების პრიმიტიული გზა. ძალადობა არ არის იარაღი, ადამიანების მოკვლა, ინფრასტრუქტურის, სახლების განადგურება არ არის იარაღი. იარაღი არის დიპლომატიის გამოყენება, ერთად დასხდომა და გამოსავლის პოვნა, შესაძლოა, ამას მეტი დრო სჭირდება, მაგრამ უკეთესი შედეგი აქვს,“ - აღნიშნა მონტენეგროს პრემიერმა.


მონტენეგრო მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს ევროკავშირს.

„ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკა, ძალიან მკაფიო მიზანი, რომ ევროკავშირის პირველი ახალი წევრი გავხდეთ. ამ თვალსაზრისით ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვა ქვეყნების, კერძოდ საქართველოს და რა, თქმა უნდა სხვა ქვეყნების, პოლიტიკურ მისწრაფებას შეუერთდნენ ევროკავშირს და ვფიქრობთ, რომ ღია კარის პოლიტიკა პრინციპივით უნდა იყოს, ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ ორგანიზაციაში სურთ გაწევრიანება და რომელ კლუბში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ არ შეუქმნან პრობლემები სხვა ქვეყნებს, ეს არის მთავარი პრინციპი“, - განაცხადა დრიტან აბაზოვიჩმა.