ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში ტვირთის ტრანსპორტირების დრო წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია, ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერი-მინისტრმა, ალი ასადოვმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ასადოვის თქმით, შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ჩატარებული სამუშაოს შედეგად, მოკლე დროში მიიღწა შედეგები, რაც აისახა ტრანსპორტირების დაჩქარებას და ხარისხში.
„ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში ტვირთის ტრანსპორტირების დრო წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია, ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს. ვფიქრობ, რომ ეს დერეფანი გახდება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი დერეფანი გლობალურ დონეზე.
ცხადია, რომ რკინიგზის გარდა, შუა დერეფნის პოტენციალი მჭიდროდ არის დაკავშირებული პორტებში ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობებთან. ამ მხრივ, ბაქოს პორტი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია კასპიის ზღვაში, უკვე ზემოთ ხსენებული სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვან ჯაჭვს წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრე 15-დან 25 მილიონამდე გაიზარდოს. ბათუმისა და ფოთის პორტები ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია შუა დერეფნისთვის - ამავდროულად, ყულევის პორტის გაფართოება აზერბაიჯანის მიერ, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, რა თქმა უნდა, წვლის შეიტანს შუა დერეფნის განვითარებაში,“ - აღნიშნა ასადოვმა.
- ასადოვის თქმით, აზერბაიჯან-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგშია ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი.
„ჩვენ მზად ვართ, რომ ამ სფეროშიც ვითანამშრომლოთ. გარდა პორტებისა, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო სატვირთო გადაზიდვის საშუალებები არსებობდეს საქონლის ტრანსპორტირებისთვის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანს კასპიის ზღვაზე ყველაზე დიდი გადასაზიდი საშუალებები აქვს,“ - აღნიშნა ასადოვმა.
მისივე თქმით, ახალი გამოწვევების გათვალისწინებით მუშაობენ სამოქალაქო სატვირთო გადაზიდვების გაფართოებაზე.
„რეგიონში უკვე ახალი რეალობებია შექმმნილი, რაც კარგ შესაძლებლობებს ქმნის, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს რეგიონული- მრავალმხრივი თანამშრომლობა და უფრო ახალ დონეზე ავიდეს თანამშრომლობა - მეტი ეკონომიკური და სავაჭრო დივიდენდები იყოს შეძენილი რეგიონის ყველა ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის პრემიერმა. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობენ, ერთობლივი წვლილი შეიტანონ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.
- „ბაქო-თბილისი ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, მათ შორის სამხრეთ გაზსადენი. ეს ერთობლივად განხორციელებული სტრატეგიული პროექტებია,“ - განაცხადა ასადოვმა დეტალების დკონკრეტების გარეშე.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან 8 ოქტომბერს შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბაქოს სურს, მონაწილეობა მიიღოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. „ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია, ეს პორტიც გავაფართოოთ,“ - განაცხადა ალიევმა.
ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.