საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმზე" განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს არაერთი მიღწევა, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით პრემიერმაა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ უნდა იყოს "სამართლიანი".
„ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოველით ევროპისგან შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რომ მართლაც დამსახურებით მიღწეულ იქნას კანდიდატის სტატუსი და ეს იქნება ჩვენი ხალხისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს ღირსეული ადგილი ევროპაში და საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდება საქართველოს პროგრესი, რაც გზას გაგვიხსნის კანდიდატის სტატუსისკენ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, "ჩვენ ეტაპობრივად გადავაქცევთ საქართველოს დინამიკურ საზოგადოებად, რომელიც მზად არის მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად". პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს, როგორც "ბუნებრივი ხიდის" მნიშვნელობაზე.
„საქართველო - ეს არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად... შუა დერეფანი, საქართველოს მასშტაბებით, სწრაფად ვითარდება, როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა. ჩვენ უკვე ვხდებით ყველაზე საიმედო ერთ-ერთი ვარიანტი აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო მარშრუტზე და ჩვენ ასევე მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან იმისათვის, რომ აღმოიფხვრას დაბრკოლებები და გაძლიერდეს ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, გამარტივდეს პროცედურები და ასევე გამოყენებულ იქნას ერთიანი სატარიფო პოლიტიკა," - აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.