სოფელ ზედა მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძართან, რუსეთის საოკუპაციო ძალის ჯარისკაცების გამოჩენის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მლეთაში იმყოფებოდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც იქ შემნილ ვითარებას Facebook ლაივის დროს გამოეხმაურა.
„ლომისის ტაძარი საქართველოში რამდენიმეა. გუშინდელ სიუჟეტში საუბარი იყო, რომ ლომისის ტაძრის კარი აჭედილია. მოსახლეობისგან აღებულია ინტერვიუ, სადაც ამბობენ, რომ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა. შემდგომ, ეს კადრები გადმოდის მლეთის წმინდა გიორგის ტაძარზე და სიუჟეტიდან გაუგებარი ხდება, რომელ ტაძარზეა საუბარი.
საერთოდ არ არის ნახსენები ის სოფელი, რომელსაც კირბალი ჰქვია. სოფელ კირბალშია სწორედ ეს ტაძარი. მოკლედ გეტყვით, რა მოხდა იმ ტაძარში ცოტა ხნის წინ. იქაც შესაძლებელი იყო, რაღაც პერიოდის წინ გადასვლა. წელსაც იყვნენ გადასულები ჩვენი მომლოცველები, სასულიერო პირები მიდიოდნენ, მაგრამ იქ ვიღაცამ ააფრიალა ქართული დროშა, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს - აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა. მსგავსი ტაძრები რამდენიმე გვაქვს გორის რაიონში, ეს არის სოფელ აძვში წმინდა გიორგის ტაძარი, სოფელ ქერეში კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი.
ამიტომ, ყოველგვარი დაუფიქრებელი, გაუცნობიერებელი განცხადება, სახელებისა და ადგილების აღრევა, რაღაც მოვლენების გადანაცვლება, საფრთხეს უქმნის ისედაც დაძაბულ გარემოს,“ - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ე.წ. სასაზღვრო ზოლზე ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები.
„2009 წლიდან ე.წ. სასაზღვრო პატრული ამოდის ამ ტერიტორიაზე. კარგად ვიცით, რომ ქსნის ხეობის ოკუპაციის შემდეგ, ახალგორის რაიონის ოკუპაციის შემდეგ, პირობითი, ე.წ. საზღვარი ამ ქედზე გაატარეს რუსმა სამხედროებმა. პირობითი საზღვარი და ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი სწორედ ამ ჩვენს წმინდა გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის. კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქ ამოდის პატრული, ქედის იქით მხარეს უკვე არის ქსნის ხეობა და აქედან ჩანს რუსული ბაზა, მათ მორიგეობა აქვთ აქ და ამოდიან. გუშინდელი გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა.
უცნაურობა ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა აქ ამოსვლისას ააფრინეს დრონი, თუმცა დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა. ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ ამ დრონის აფრენა და ყოფილა ეს შემთხვევები, ამ ტერიტორიის დათვალიერება დრონის საშუალებით ხდება მუდმივად. როგორც გითხარით, ეს არის ე.წ. სასაზღვრო ზოლი და ამიტომ აქ, ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები,” - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის" დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ გუშინ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერდა, რომ „ლომისას წმინდა გიორგის ტაძარი ფაქტობრივი ოკუპაციის ქვეშ არის.“
„ლომისის წმინდა გიორგის ტაძარი იმ ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ 2 წელიწადია ვსაუბრობთ. „ქოცხელისუფლება“ კი აგრძელებს "პრაგმატული პოლიტიკის" გატარებას. ჰა, ქართველობას ვინ გვართმევს ახლა?“ - წერდა ქაცარავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან მოყოლებული, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 56 კილომეტრზე მეტი სიგრძის მავთულხლართები, ღობეები და ხელოვნური ბარიერია გავლებული.