ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ტაბაში რაკეტა აფეთქდა - მედია

დღეს დილით ძლიერი აფეთქება მოხდა ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ტაბაში, რომელიც ისრაელის ქალაქ ეილათს ესაზღვრება. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ეს ქალაქი ღაზის სექტორიდან 220 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

სააგენტო ეგვიპტის მედიასაშუალებების ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან რაკეტა ჩამოვარდა. დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი.

Reuters-ი წერს, რომ ვერ აფეთქების წყაროს იდენტიფიცირება ვერ შეძლო.


ეგვიპტის ტელეკომპანია Al Qahera-ს ინფორმაციით, რაკეტის აფეთქება  ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 7 ოქტომბრიდან მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირდება.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი მხარის მიერ ნასროლი რაკეტა აღმოჩნდა ეგვიპტის ტერიტორიაზე. ისრაელის არმიამ ამ ეტაპზე მხოლოდ ის განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია.

„ტაბის აფეთქება ხაზს უსვამს რისკს, რომელიც ეგვიპტესა და რეგიონის სხვა ქვეყნებს, ისრაელსა და “ჰამასს“ შორის ბრძოლების გაძლიერების გამო ემუქრება,“ - წერს Reuters-ი.

ეგვიპტე აქტიურ როლს ასრულებს ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროცესში და „ჰამასის“ მიერ ისრაელში მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების საკითხში.