დანიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას 3,7 მილიარდი დანიური კრონის, ანუ დაახლოებით 520 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიეწოდება. ამის შესახებ უკრაინული მედია დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.
დანიის დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს T-72EA-ის ტიპის ტანკებს, BMP-2-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებს, თვითმფრინავებს, მცირე იარაღს და საევაკუაციო მანქანებს.
„ეს არის ტექნიკა და საბრძოლო მასალა, რომლებზეც მოთხოვნაა უკრაინაშიც და რომლებიც გადამწყვეტია უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების შესანარჩუნებლად,“ - ნათქვამია განცხადებაში.
დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა აღნიშნა, რომ დახმარების პაკეტი მის უკრაინელ კოლეგასთან რუსტემ უმიეროვთან შეხვედრის შემდეგ შედგა.