შვედეთის სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული, წარმოშობით რუსი ბიზნესმენი გაამართლა. სერგეი სკვორცოვი გასული წლის ნოემბერში, სტოკჰოლმის მახლობლად დააკავეს.
სკვორცოვს რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის დასავლური ტექნოლოგიების გადაცემა ედებოდა ბრალად. თუმცა სტოკჰოლმის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სკვორცოვის საქმიანი გარიგებები "მხოლოდ დასავლეთიდან ტექნოლოგიის შესყიდვისთვის იყო გამიზნული და არ ისახავდა მიზნად შვედეთის ან შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებას, რაც შეიძლებოდა, რომ ჯაშუშობა ყოფილიყო.
პროკურორი ამტკიცებდა, რომ სკვორცოვმა ინფორმაციის მისაღებად, ჯაშუშური ქსელები გამოიყენა, რასაც ექსპორტის რეგულაციებისა და სანქციების გამო, სხვაგვარად ვერ გააკეთებდა.
ამასთან, ბიზნესმენი ეხმარებოდა საქონლის შეძენასა და ტრანსპორტირებას, შეცდომაში შეჰყავდა მომწოდებლები ყალბი ინფორმაციის მიწოდებით და ყალბი პირადობის ქვეშ მოქმედებით.
მოსამართლემ საპასუხოდ განაცხადა, რომ პროკურორმა ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ბიზნესმენის საქმიანობა ჯაშუშობას უტოლდებოდა.