გიორგი ანწუხელიძეს მოქალაქეებმა ბიუსტი დაუდგეს მშობლიურ სოფელში

საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს მშობლიურ სოფელში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ბიუსტი დაუდგეს. გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. საჭირო ფინანსებიც მოქალაქეებმა შეაგროვეს.

ბიუსტის გახსნას დაესწრნენ მოსახლეობა, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

ბიუსტზე თუშმა მოქანდაკემ ბადრი თავბერიძემ იმუშავა.

„მრავალი ბიუსტი მაქვს დამზადებული, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა გმირი ჯარისკაცის მონუმენტი დავამზადე,“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას მოქანდაკემ.


საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩაუვარდა მტერს, ოკუპანტებმა მიუხედავად სასტიკი წამებისა, ვერაფრით აიძულეს გიორგი, შეესრულებინა მათი მოთხოვნა და ეკოცნა მიწისთვის. მტრის სატელეფონო ვიდეოჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა.

ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 15 აპრილს მიენიჭა, ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული". ანწუხელიძის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.