ღაზის სექტორში საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს Starlink-ზე წვდომა ექნებათ

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მომუშავე საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს Starlink-ის სატელიტურ კომუნიკაციებზე წვდომა ექნებათ. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ღაზის სექტორიდან არცერთ ტერმინალს არ უცდია ჩვენს თანამგზავრთან დაკავშირება. SpaceX მხარს დაუჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან წვდომის გააქტიურებას,“ - წერს ილონ მასკი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).

ღაზის სექტორში სატელეფონო და ინტერნეტ კავშირები გათიშულია.

საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ კავშირების გათიშვა, რომელიც პარასკევს, 27 ოქტომბრის საღამოს დაიწყო, აუარესებს სიტუაციას, რადგან აფერხებს სიცოცხლისთვის საჭირო ოპერაციების ჩატარებას და ხელს უშლის ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციას.

Reuters-ის ცნობით, SpaceX-მა დაუყოვნებლივ არ გააკეთა კომენტარი იმის შესახებ, თუ როგორ დარწმუნდებიან, რომ Starlink-ით ჰუმანიტარული ორგანიზაციები ისარგებლებენ და არა “ჰამასი.“


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა.

ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.