ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელი ღაზაში ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდებს, სამხრეთით გადაინაცვლონ, რადგან ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰამასთან“ ომის შემდგომ ეტაპზე გადადის და ოპერაციებს აფართოებს.
„ჩრდილოეთ ღაზაში, ქალაქ ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა დროებით უნდა გადავიდეს სამხრეთით, უფრო უსაფრთხო ზონაში, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ წყალი, საკვები და მედიკამენტები,” - აღნიშნა ჰაგარმა.
ჰაგარის თქმით, ისრაელი ებრძვის „ჰამასს“ და არა ღაზის მოსახლეობას.
„ისრაელი ომშია, რომელიც მას არ დაუწყია და არ სურდა. ისრაელი ებრძვის"ჰამასს“ და არა ღაზის მოსახლეობას,“ - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
მისი თქმით, „ჰამასი“ ღაზის მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს და სამოქალაქო შენობებსა და მის ქვეშ მოქმედებს.
ისრაელმა განაცხადა, რომ "ჰამასის" წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ღაზის სექტორში ახალი სახმელეთო ძალების შეყვანით დაიწყო.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა.
ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.