BBC: ანტისემიტური აქციის მონაწილეები მაჰაჩყალის აეროპორტში შეიჭრნენ

რუსეთის საავიაციო სააგენტომ დაღესტნის მთავარი აეროპორტი დროებით დახურა მას შემდეგ, რაც მოქალაქეების ჯგუფი ადგილზე ისრაელის მოქალაქეების მოსაძებნად შეიჭრა. BBC წერს, რომ აეროპორტში არეულობაა.

გამოცემა წერს, რომ კვირას ნაშუადღევს, დაღესტნის ტელეგრამ არხებზე დაიწყო შეტყობინებების გავრცელება, რომ ლტოლვილები, სავარაუდოდ, თელ-ავივიდან რესპუბლიკაში საცხოვრებლად რეგულარული რეისით უნდა ჩამოსულიყვნენ. ამის შემდეგ მალევე აეროპორტში ადგილობრივებმა შეკრება დაიწყეს. ზოგი ადგილზე პალესტინის დროშებით მივიდა.


თავდაპირველად, როგორც ტელეგრამ არხები წერდნენ, ისრაელის მოქალაქეების ძებნაში ჯგუფმა აეროპორტის შენობიდან გამოსული ადამიანებისგან დოკუმენტების მოთხოვნა დაიწყეს. მალე ჯგუფი შენობაში შეიჭრა. რუსულმა მედიასაშუალება „იზვესტიამ“ გამოაქვეყნა ფოტო, რომლის თანახმად, ანტისემიტური პროტესტის მონაწილეები თვითმფრინავის ფრთაზე ავიდნენ.


ამავდროულად, რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ი შემდეგნაირად აღწერს მომხდარს: „შეკრებილები ეწინააღმდეგებიან პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს“; „უშიშროების ძალებმა მაჰაჩყალის აეროპორტის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები გაამკაცრეს იქ მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.“

დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა მასობრივი არეულობის მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე, იუწყება მედია.


ამ დროისთის აეროპორტი დახურულია რეისებისთვის, მაჰაჩყალისკენ მიმავალ თვითმფრინავებს სხვა ქალაქებისკენ გზავნიან.

ადგილზე მივიდნენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები - ქალაქში გაძლიერებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების დაცვა.