რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტში მასობრივი არეულობისას 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაღესტნის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდნენ როგორც სამოქალაქო პირები, ისე პოლიციელები. ორის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, ხელისუფლება აეროპორტში შეჭრის ფაქტზე კომენტარს დიდხანს არ აკეთებდა და ინფორმაცია არც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა. დაახლოებით სამი საათის შემდეგ გამოქვეყნდა ოფიციალური ცნობა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მასობრივი არეულობების მუხლით.
მაჰაჩყალის აეროპორტი ისევ დაკეტილია. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სააგენტოს მიერ დღეს, 30 ოქტომბერს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, აეროპორტი, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გაიხსნება, სამართალდამცველების მიერ მთელი ტერიტორიის დეტალურად შემოწმების შემდეგ.