რუსეთი აცხადებს, რომ სევასტოპოლზე „საზღვაო დრონებით" შეტევა იყო

რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში გამთენიისას, აფეთქებები იყო. პირველი ცნობები ადგილობრივი ტელეგრამ-არხებით გავრცელდა. დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია, რომ შავი ზღვის აკვატორიაში გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 2 უეკიპაჟო კატერი(საზღვაო დრონი). სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოპერაციის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 29 ოქტომბერსაც განაცხადა, რომ შავი ზღვის აკვატორიის თავზე და ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, უკრაინის 36 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. იმავე დღეს, რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ ძლიერი ხანძარი იყო კრასნოდარის მხარის დაბა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, ხანძარი ნახევარ საათში ჩააქრეს და არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაკონკრეტებული არ ყოფილა.


ასევე 29 ოქტომბერს ღამით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ და BBC-მ უკრაინის სპეცსამსახურების ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფიპსკის ქარხანას, რომელიც რუს სამხედროებს საწვავით ამარაგებს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის 2 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. წყაროს თანახმად, სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია ქარხნის რამდენიმე ახალი დანადგარი და დაიწვა რამდენიმე რეზერვუარი.


ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. ნახევარკუნძულზე დრონებითა და რაკეტებით შეტევა 2023 წლის შემოდგომიდან გახშირდა.

სექტემბერში სარაკეტო დარტყმა იყო სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზეც. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.