გაეროს შეფასებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ზიანის მომტანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ზიანის მომტანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

განცხადების თანახმად, შემოთავაზებული ცვლილებებით, სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციები არ გავრცელდება გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა ძველი შეფუთვით კიდევ რვა თვით გახანგრძლივდება. ამას გარდა, შემოთავაზებული ცვლილებით, ბრენდის და ვარიანტების შესახებ ინფორმაცია არამარტო საქართველოს სახელმწიფო ენაზე, არამედ, ინგლისურ ენაზეც შეიძლება, იყოს განთავსებული.


„ჯანმრთელობის დაცვა და თამბაქოს კონტროლის ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელება უმნიშვნელოვანესია. მთავრობებმა უნდა იმოქმედონ, რათა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა დაიცვან თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან ჩარევისგან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. ამ ცვლილებების მიღებით კი, პრიორიტეტი ენიჭება თამბაქოს კომპანიების ფინანსურ ინტერესებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესების ხარჯზე.


საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მესამედი, ასევე, მოზარდების და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი თამბაქოს მომხმარებელია. გაეროს განვითარების პროგრამის/ჯანმოს/დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის „თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის საინვესტიციო შემთხვევის“ ფარგლებში 2017 წელს განხორციელებული კვლევის მიხედვით, ქვეყანაში თამბაქოსთან დაკავშირებული ჯანდაცვის პირდაპირი და აგრეთვე არაპირდაპირი ხარჯებით, რაც ლარზე მეტი შეადგინა, დაღუპულთა რიცხვი კი 11,000-ს აჭარბებს.

ამ ვითარების შეცვლა თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი და ეფექტიანი პოლიტიკის გრძელვადიან და მტკიცედ განხორციელებას მოითხოვს. 2017 წელს თამბაქოს კონტროლის შესახებ ძლიერი კანონმდებლობის მიღებით, საქართველომ დადებითი ნაბიჯი გადადგა, რომლის ეფექტიანი განხორციელებით პირველი შედეგები მიიღო კიდეც. თუმცა, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლების სტაბილურად კლების და მისი კატასტროფული ზემოქმედების შესამცირებლად, როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის სრულად ამოქმედება და შემდგომი გაძლიერება არის საჭირო.


თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, სტანდარტული შეფუთვის რეგულაციები თავდაპირველად ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ამ პუნქტის ამოქმედება 2022 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო და შემდგომ კიდევ ერთხელ გადავადდა 2024 წლის პირველ ივლისამდე. ეს გადადება და შემოთავაზებული სხვა ცვლილებები გაუმართლებელია და კიდევ უფრო აჭიანურებს სარგებელს, რაც სადა შეფუთვამ უნდა მოიტანოს.

დღეის მდგომარეობით, ევროპისა და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა უკვე სადა შეფუთვას იყენებს, როგორც თამბაქოს კონტროლის ეფექტურ ღონისძიებას. ამით თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობა მცირდება, სამედიცინო გაფრთხილების ეფექტი იზრდება, უფრო ნაკლებად ხდება მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა და, საბოლოოდ, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელიც მცირდება.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შემოთავაზებული ცვლილებები არ დაამტკიცოს და ვიმედოვნებთ, რომ ის განაგრძობს უმაღლეს დონეზე გაცხადებული პოლიტიკის გატარებას ჯანმრთელობის დაცვის და თამბაქოს კონტროლის სფეროში, ასევე დაიცავს კანონმდებლობას თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისგან, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ამოქმედების ჩათვლით,“ - ნათქვამია განცხადებაში.


კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი გახდება თამბაქოს იმ ნაწარმის რეალიზება, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იქნება განთავსებული. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შესაძლებლობას მისცემს, მოახდინონ საკუთარი პროდუქტის სრულად რეალიზაცია.

„ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს კანონის სულისკვეთება, რომელიც სრულად მიმართულია თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირებისკენ. მეორე მხრივ, მინიმალიზირებული იქნეს შესაბამისი ნაწარმის იმპორტიორთა და მწარმოებელთა შესაძლო ეკონომიკური დანაკარგები,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონში ცვლილებაზე 27 ოქტომბერს იმსჯელა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, 2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება რიგი რეგულაციები, რომლებიც გაამკაცრებს თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, რაც გარკვეულ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს ამ ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე. ცვლილების ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ მიზანშეწონილია, ამ პირებს მიეცეთ გარკვეული ვადა, რათა შეძლონ ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის რეალიზება და გამკაცრებულ კანონმდებლობასთან თავიანთი საქმიანობის სრული შესაბამისობა.

კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.