უკრაინა რუსულ პროპაგანდას უწოდებს მოსკოვის მტკიცებას, რომ დაღესტნის აეროპორტის ინციდენტის უკან კიევი დგას

ისრაელში უკრაინის ელჩი ევგენი კორნიიჩუკი რუსულ პროპაგანდას უწოდებს მოსკოვის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაღესტნის მთავარ აეროპორტში მომხდარი ინციდენტის უკან კიევი დგას.

„სხვას რას შეიძლება მოელოდე რუსული პროპაგანდისგან“, - განაცხადა ევგენი კორნიიჩუკმა The Times of Israel-თან ინტერვიუში.

ელჩის თქმით, უსაფრთხოების ძალები აეროპორტში შეიყვანეს, მაგრამ ისინი ისხდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. „მათ არაფერი გააკეთეს,“ - განაცხადა კორნიიჩუკმა.

ისრაელში უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ ისრაელის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ნელ-ნელა შეიცვლება.

„ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ყველას ესმის, ვინ არის მტერი და რომ რუსეთი, ძირითადად, ირანთან და „ჰამასთან“ ერთად ამ ომში ერთ მხარეს წარმოადგენენ“, - აღნიშნა კორნიიჩუკმა.