ლაშა ჟვანია: ხვალიდან საქართველოს საელჩო მოქალაქეების მიღების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საელჩო ხვალიდან მოქალაქეების მიღების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.

ელჩმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ საელჩო უბრუნდება რიტმს, ვიდრე ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გამოცხადდება განსაკუთრებული შეზღუდვა.


„ხვალიდან, საქართველოს საელჩო მოქალაქეების მიღების ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება. აქამდე, სამი კვირის მანძილზე შეწყვეტილი გვქონდა ყველა სხვა საკონსულო მომსახურების გაწევა ჩვენ ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

თუ ვინმეს უნდა პასპორტის ან პირადობის მიღება, ან მინდობილობის გაკეთება, ან მოქალაქეობის მიღების დახმარება და ა.შ. ხვალიდან საქართველოს საელჩოში ჩვეულებრივი რეჟიმი აღდგება. ეს იქნება მანამ, სანამ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის თავდაცვის ნაწილის მიერ გამოცხადებული იქნება ჩვეულებრივი რეჟიმი.

ზოგიერთ ქალაქებში ნორმალური პროცესები მიმდინარეობს; გაიხსნა ოფისები, საწარმოები, სასწავლო პროცესი. ასე რომ, ჩვენც ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს, მანამ სანამ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გამოცხადდება განსაკუთრებული შეზღუდვა,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.


ელჩის განმარტებით, საერთო ჯამში ისრაელიდან საქართველოში 15 000 ადამიანი გაემგზავრა, მათ შორის არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1 500 ადამიანი.

„ბოლო 24 დღის განმავლობაში, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1 500-მდე გამოემგზავრა. ორმაგი მოქალაქეობის პირებს ვერ ვითვლით. საერთო ჯამში ისრაელიდან საქართველოში გაემგზავრა 15 000 ადამიანი, მათ შორის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე 1 500-ია“,- აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, ლაშა ჟვანიამ ისრაელში ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საათობრივად არის საჰაერო თავდასხმა და საჰაერო განგაში.

ელჩის თქმით, რამდენიმე კვირიანი სტრესული მდგომარეობა ადამიანის ფსიქიკაზე აისახა.


ელჩი იმ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე სტრესული ფონი აქვთ, ურჩევს გაერიდონ გარემოს ან გადავიდნენ ცენტრალურ ისრაელში, ან სამშობლოში დაბრუნდნენ.

„დღეს ფართო იყო საჰაერო განგაშების არეალი, განსაკუთრებით ჩრდილოეთის მხარეს, იმიტომ რომ „ჰეზბოლამ“, რომელიც მაშინვე ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში უფრო გააძლიერა თავდასხმები. საათობრივად არის საჰაერო თავდასხმა და საჰაერო განგაში. დღეს უკვე მესამედ, იერუსალიმის მიმართულებით მოხდა საჰაერო თავდასხმა.


ნათელია, რომ რამდენიმე კვირიანი სტრესული მდგომარეობა ადამიანის ფსიქიკაზე აისახა. ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სტრესული მდგომარეობა ძლიერი აქვთ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც აშკელონსა და აშდოთში ცხოვრობენ. ძალიან რთულია ამის გადატანა. როდესაც ღამით, საჰაერო განგაშის გამო 5-6 ჯერ გეღვიძება და ძილი არ გაქვს, ბუნებრივია ადამიანი ამას ვერ უძლებს. ამიტომ, ამ ადამიანებს ვურჩიე გაერიდონ ამ გარემოს ან გადავიდნენ ცენტრალურ ისრაელში, ან სამშობლოში დაბრუნდნენ.

პატარა ბავშვი, რომლის ცხოვრება ასეთი ფატალური შედეგით დასრულდა, მთლიანად ისრაელი შეძრულია ამ საშინელი შედეგით. 7 ოქტომბერს ტერორისტული აქტი რომ არ ყოფილიყო, ბავშვი დღეს ცოცხალი იქნებოდა. მასზე ყოველდღიურმა სტრესმა იქონია გავლენა,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.