ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია მიიღო

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 30 ოქტომბერს კიევში ამერიკელ კონგრესმენთა ორპარტიულ ჯგუფს შეხვდა, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. დელეგაციაში შედიოდნენ რესპუბლიკელი ჯეიმს ფრენჩ ჰილი, ასევე, დემოკრატები მაიკლ ქუიგლი და სტივენ ლინჩი.


„ვიზიტი შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნისა და მთელი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია. ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები, პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე როგორც აშშ-ის კონგრესი, ერთიანდებიან უკრაინის მხარდასაჭერად,“ - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.


ცნობისთვის, პალატის ახლად არჩეული სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. ის უკრაინისა და ისრაელის დახმარების გაერთიანებას არ ემხრობა, თეთრი სახლი კი, პაკეტის გამიჯვნას ეწინააღმდეგება.

27 ოქტომბერს ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, კონგრესის ახალმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია არ მიატოვებს უკრაინას, მაგრამ პირველ რიგში ისრაელს დაეხმარება. ამის შესახებ AP წერს.

„ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ პუტინის გამარჯვება უკრაინაში, რადგან მჯერა, რომ ის იქ არ შეჩერდება,“ - განაცხადა ასევე ჯონსონმა Fox News-ის ეთერში.

ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის 106 მილიარდ დოლარს ითხოვს.

ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, დამატებითი დაფინანსების აღნიშნული მოთხოვნა შეარბილებს „რუსეთის მიერ უკრაინაში ბრუტალური შეჭრისა და „ჰამასის“ მიერ ისრაელზე საშინელი თავდასხმების შედეგად შექმნილ გლობალურ ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი დახმარების გაფართოებით.“

პაკეტი, რომლის აღწერაც ბოლო დღეებში უკვე გადაეცა აშშ-ის კონგრესის წევრებს, ასევე დამატებით დაფინანსებას ითხოვს აშშ-მექსიკის საზღვრისთვის და აშშ-ის პრიორიტეტებისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.


მაიკ ჯონსონმა, რომელიც 26 ოქტომბერს თეთრ სახლში შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფ რესპუბლიკელებს კონსენსუსი აქვთ უკრაინის და ისრაელის დახმარების ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხზე.


ჯონსონის ინფორმაციით, რესპუბლიკელების ეს პოზიცია თეთრი სახლის წარმომადგენლებს გააცნო. სპიკერის თანახმად, გეგმავენ ცალკე პროექტის წარდგენას ისრაელისთვის 14 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარების გასაწევად. ჯონსონის თქმით, ეს თანხა სხვა საბიუჯეტო მუხლების შემცირების ხარჯზე უნდა მოიძიონ. რაც შეეხება უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, მაიკ ჯონსონის განცხადებით, სურთ იცოდნენ, რა არის უკრაინაში საბოლოო მიზანი, თუმცა, თეთრი სახლისგან პასუხი არ აქვთ.


აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის ცნობით, ხსენებული პაკეტი შემდეგნაირად გადანაწილდება: $61.4 მილიარდი დოლარის დაფინანსება უკრაინისთვის; 14 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის; 10 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარების ფორმით უკრაინისთვისა და მსოფლიოს გარშემო; 14 მილიარდი დოლარი აშშ-მექსიკის საზღვრის დაფინანსება ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფენტანილის პრობლემების მოსაგვარებლად; 7 მილიარდი დოლარი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვისა და ტაივანისთვის.

ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს 19 ოქტომბრის მიმართვისას განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.


ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.