ლევან დავითაშვილი: ჩინეთში ვიცავდით დიპლომატიურ პროტოკოლს, ამავე დროს გვაქვს მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა მის მონაწილეობაზე ჩინეთში გამართულ იმ ფორუმზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტი.

დავითაშვილის თქმით, ქართული დელეგაციისთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ არ იყო ცნობილი.

მისივე თქმით, საქართველო მონაწილეობდა ფორუმში იყო დიპლომატიური პროტოკოლის და პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატვა.

„პრეზიდენტი სი ძინპინის მოწვევით ვიყავით. როდესაც მასპინძელი ქვეყანა გიწვევს, ეს არის დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილი, რომ ჩვენ ვიღებთ მოწვევას, როდესაც მონაწილეები ვართ თვითონ ფორუმის, ამიტომ ჩვენ დავესწარით მიღებას, რომელიც პრეზიდენტმა სიმ გამართა.

ჩვენთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ ამ დროს არ იყო ცნობილი. ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არანაირი მოლაპარაკება, დიალოგი, შეხვედრა არ გვქონდა და ეს არის ცრუ ინფორმაცია, სპეკულაციები. ასევე სახელმწიფო მეთაურების და დელეგაციების განლაგება, მათ შორის მინისტრების, იყო გამიჯნული. ამიტომ, ერთიანი სურათის ჩამოყალიბება, ეს არის მონტაჟი. ჩვენ ვმონაწილეობდით იმ პატივისცემიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. ეს არის პატივისცემა მასპინძელი ქვეყნის მიმართ და ეს არ არის რამე სხვა ჟესტი, ამ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ.


რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებით, სახელმწიფო თანამდებობის პირებს სხვა ტიპის პასუხისმგებლობა გააჩნიათ და ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ბოლომდე შევასრულოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ არ წარმოვადგენთ ჩვენს თავს, წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან. დანარჩენი არის ინტერპრეტაციები და სპეკულაციები, რომ ჩვენ შეიძლება სხვა ტიპის დიალოგი და ურთიერთობა გვქონდეს შეხვედრაზე. ჩვენ ვიცავდით დიპლომატიურ პროტოკოლს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ. ასევე ჩვენ არ გვაქვს სხვა ტიპის ურთიერთობა, დამატებითი შეხვედრები, კარს მიღმა დიალოგი და ა.შ. ასეთი რამ არ არსებობს. ეს ყველაფერი არის სპეკულაცია და მოსახლეობის დაბნევის მცდელობა. ჩვენი ქცევა იყო დიპლომატიური პროტოკოლის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატვა, ეს არ არის კომფორტის ზონა, ეს არის პასუხისმგებლობის ზონა, როდესაც ასეთი ტიპის ფორუმებში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვემსახურებით,“ - განაცხადა დავითაშვილმა.


კითხვას, რატომ არ დატოვეს საქართველოს წარმომადგენლებმა დარბაზი, დავითაშვილი პასუხობს, რომ ეს არამარტო დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა იქნებოდა, არამედ, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების დაზიანება.

„ეს არა მარტო დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა იქნებოდა, არა რომელიმე ქვეყნის ინტერესების დაკნინება, რადგან ამით ვერავის ინტერესს დავაზიანებდით, მაგრამ ეს იქნებოდა საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების დაზიანება,“ - აღნიშნა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, აღნიშნული არ დააზიანებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს, რადგან საქართველო გულწრფელია სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის, დასავლეთთან და ევროკავშირთან.

„ჩვენ არაფერს ვაკეთებთ დამალულად, ვაკეთებთ ყველაფერს ღიად და დიალოგის რეჟიმში. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ასევე ევროკავშირის ლიდერები ესწრებოდნენ ამ ფორუმს და არა მხოლოდ ამ ფორუმს, იცით, რომ სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში მათ ინტენსიური დიალოგი აქვთ ჩინეთის ხელისუფლებასთან, მათ შორის G20- ის ფარგლებში. საქართველოს მონაწილეობა ასეთ ფორმატში ემსახურება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ არანაირი დიალოგი და ფარული კომუნიკაცია არავისთან არ გვქონია. ჩვენ შევეცდებით სხვადასხვა სახის ფორმატის გამოყენებას იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დავიცვათ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.