იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დადასტურდა, რომ სამშაბათს, 31 ოქტომბერს, ნემუროს ნახევარკუნძულის სანაპიროზე, ჰოკაიდოში, დაახლოებით 12:44 საათზე, სავარაუდოდ, რუსულმა ვერტმფრენმა დაარღვია ტერიტორიული საჰაერო სივრცე.
სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალების გამანადგურებლებმა რეაგირება მოახდინეს.
თავის მხრივ, იაპონურმა მედიასაშუალება Kyodo News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამინისტრომ მოსკოვს დიპლომატიური არხებით მკაცრი პროტესტი გამოუცხადა.
ჰოკაიდო რუსეთის კუნძულ სახალინიდან მხოლოდ 40 კილომეტრში მდებარეობს.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე, იაპონია კიევის აქტიური მხარდამჭერია. 2023 წლის აგვისტოს მონაცემების მიხედვით, მთლიანობაში, იაპონიამ უკრაინას 7,5 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის დახმარება გაუგზავნა.
შეგახსენებთ, გასულ წელს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიპლომატიის ლურჯ წიგნში“ 2003 წლის შემდეგ პირველად, კურილის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორია უწოდა.
ამასთანავე დიპლომატიურ წიგნში გაკეთდა ჩანაწერი, რომ კურილის კუნძულები იაპონიის განუყოფელი ტერიტორიაა. ასეთი ჩანაწერი 2011 წელს მიღებულ დოკუმენტში არ არსებობდა.
ადრე იაპონიის ხელისუფლება კურილის სამხრეთ ნაწილთან მიმართებით სიტყვა „ოკუპაციას“ არ იყენებდა და მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ ამ კუნძულებზე იაპონიის სუვერენიტეტი ვრცელდება.
საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადავო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. იაპონია კი, კუნძულებს ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და მას ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კურილის კუნძულების (რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ), იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ განკარგულებას გასულ წელს მოაწერა ხელი.