UNICEF: ღაზის სექტორი ბავშვებისთვის ჯოჯოხეთია

გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი ჰუმანიტარული მიზნებისთვის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს მხარეებს და მოითხოვს ღაზის სექტორში ყველა შესასვლელის გახსნას, რათა ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, მდგრადი და შეუფერხებელი წვდომა, წყლის, საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ჩათვლით, შესაძლებელი გახდეს.

„თუ ცეცხლი არ შეწყდება, არ იქნება წყალი, მედიკამენტები და თუ არ გათავისუფლდებიან მოტაცებული ბავშვები, მაშინ ჩვენ მივექანებით კიდევ უფრო დიდი საშინელებებისკენ, რომელთა გამოც უდანაშაულო ბავშვები იტანჯებიან," - განაცხადა ორგანიზაციის სპიკერმა ჯეიმს ელდერმა.

მისი შეფასებით, ღაზის სექტორი ათასობით ბავშვის "სასაფლაოდ" გადაიქცა. ის შიშობს, რომ უფრო მეტი ბავშვი შეიძლება, დაიღუპოს უწყლობის გამო დეჰიდრატაციით.


„ეს რიცხვი შემაძრწუნებელია. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 3450-ზე მეტი ბავშვი. გამაოგნებელია, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება ყოველდღე. ღაზის სექტორი სასაფლაოდ გადაიქცა ათასობით ბავშვისთვის. ყველა დანარჩენისთვის ის ნამდვილი ჯოჯოხეთია," - განუცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერმა ჯეიმს ელდერმა ჟურნალისტებს.


მან ააღნიშნა, რომ ღაზის სექტორში მცხოვრები მილიონზე მეტი ბავშვს არ აქვს სასმელი წყალი: წყლის წარმოების სიმძლავრე ჩვეულებრივი დღიური გამომუშავების მხოლოდ ხუთ პროცენტს შეადგენს. ბავშვების სიკვდილი - განსაკუთრებით ჩვილების - დეჰიდრატაციის გამო მზარდ საშიშროებას წარმოადგენს.“

„არიან დახოცილი ბავშვები, რომლებიც დაბომბვის შედეგად დაშავდნენ, მაგრამ მათი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა,“ - აღნიშნა ელდერმა.


გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერის თქმით, “ღაზის სამედიცინო დაწესებულებების მონაცემებით, 940 ბავშვია დაკარგული.“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ხალხი ღაზის სექტორში მხოლოდ უშუალო დაბომბვის შედეგად არ იღუპება.