საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

31 ოქტომბერს, შიდა ქართლში, სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. რადიო თავისუფლების ცნობით, ინფორმაცია ჟურნალისტებს ერგნეთში 115-ე შეხვედრის დაწყების წინ მიაწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

„მთავარი თემაა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. დღეის მდგომარეობით, გვყავს 7 უკანონო პატიმარი, რადგან გუშინ ღამის საათებში, დაახლოებით 22:00 საათზე, მოხდა კიდევ ერთი უკანონო დაკავება... დაკავება მოხდა ოსურ სოფელ გვირგვინასთან, რომელსაც ესაზღვრება ქართული სოფელი ტახტისძირი," - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.


აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 31 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ სინაგურის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. 

დღეს, პირველ ნოემბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 115-ე სამუშაო შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე ქართული მხარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გააპროტესტებს და მოითხოვს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას.

ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.