სახალხო დამცველი გოგა რაზმაძის საქმის წარმოების შეწყვეტის მიზეზებს განმარტავს

სახალხო დამცველი  შსს-ს მოქმედი თანამშრომლის, გოგა რაზმაძის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი განმარტავს, თუ რატომ არ დაადგინა მის მიმართ შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტი.

სახალხო დამცველის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველს წარუდგინა გოგა რაზმაძის მიერ მიწოდებული, დისკრიმინაციის შესაძლო გარემოებების გამაქარწყლებელი ყველა არგუმენტაცია.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი გოგა რაზმაძის მომართვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხს ეხმიანება. როგორც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გოგა რაზმაძის მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა და საქმისწარმოება შეწყდა.


სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ განცხადების შესწავლისას სახალხო დამცველის აპარატი სრულად მოქმედებდა კანონმდებლობის და იმ 9-წლიანი ერთგვაროვანი პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც აპარატში თანასწორობის მექანიზმის დაარსებიდან დღემდე ჩამოყალიბდა.

ამ საქმეში, სახალხო დამცველის აპარატი დაეყრდნო იმავე მტკიცების სტანდარტს, რაც წლების განმავლობაში არაერთ სხვა საქმეში ყოფილა გამოყენებული. გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც ჰქონდა მტკიცების ტვირთი (და არა განმცხადებელს), დაემტკიცებინა შევიწროების ფაქტის არარსებობა, წარმოადგინა განმცხადებლის მიერ მოწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწყლებელი არგუმენტაცია.


ამავე დროს, სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ საქმეთა შესწავლის თუ გადაწყვეტილებათა მიღების დროს აპარატი მოქმედებს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის და არაერთი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ამდენად, საქმის განხილვისას, შესწავლილი იქნა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლის მიზნებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და განხორციელდა კანონით გათვალისწინებული, საქმისთვის აუცილებელი და რელევანტური ღონისძიებები. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა იმსჯელა დამატებითი ახსნა-განმარტებების მოძიებისა და მოწმეთა გამოკითხვის თაობაზე, თუმცა, აღნიშნულის საჭიროება არ გამოკვეთილა.


დამატებით, საქმეზე გადაწყვეტილების სამართლებრივ ნაწილში, სახალხო დამცველმა შეაფასა შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ფორმის, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები; ამასთან, ცალკე მსჯელობა დაეთმო პოლიციელთა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს, ევროსასამართლოს პრაქტიკისა და პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსის ანალიზს.

სახალხო დამცველი პატივს სცემს ნებისმიერი პირის გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, კრიტიკულ დამოკიდებულებას აპარატის საქმიანობის მიმართ, თუმცა, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი კონსტიტუციური ორგანო, დამოუკიდებელია თავის შეფასებებში და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფაქტების და შესაბამისი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე იღებს.
 
რაც შეეხება მიღებული გადაწყვეტილების სრულად გასაჯაროების საკითხს, იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველი პატივს სცემს და იცავს განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებს, სრული ტექსტის გამოქვეყნება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია,“ - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.