მეუფე იაკობი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე: სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო და ის არ შეგვიცვლია - ვინც არ უნდა იყოს, მიმტევებლები უნდა ვიყოთ

განიხილება, თუ არა წმინდა სინოდის 2 ნოემბრის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი, ამ შეკითხვას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა მედიასთან უპასუხა.

მას არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებზე იმსჯელებენ უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები სხდომაზე და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სინოდის სხდომა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებითაა მოწვეული.

„მინდა, დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ, პატრიარქის მტკიცე გადაწყვეტილებით არის მოწვეული სინოდის სხდომა. არც მეუფე შიოს და არც ჩვენ, არცერთ არ გვაქვს უფლება, რომ სინოდი მოვიწვიოთ, პატრიარქის გარდა ვერავინ მოიწვევს,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

გარდა ამისა, კითხვაზე, როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ „ნორმალური“.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მარტში საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის როგორც შეწყალებას, ისე მისთვის „სხვა სახით შეღავათის მიცემას“ ემხრობა.


„გავრცელებული ინფორმაციით, ა.წ. 17 მარტს უნდა შედგეს სასამართლო პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინების საფუძველზე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შესახებ “მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზისი თხოვნის გათვალისწინებით”. ეკლესიის პოზიცია უცვლელია.

და ამჟამადაც, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებაზე, ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ვემხრობით როგორც მისი შეწყალების საკითხს, ასევე სხვა სახით შეღავათის მიცემასაც მიუხედავად იმისა, რამდენად შეესაბამება რეალობას სასჯელის გადავადების მოტივი,“ - ეწერა საპატრიარქოს განცხადებაში

ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.