საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ყაზახეთში ჩავიდა. პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრაზე, მაკრონმა ყაზახეთი უკრაინის საკითხში მოსკოვის მხარეს დადგომაზე უარის თქმისთვის შეაქო და განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საქმიან გარიგებებს, მათ შორის, პარტნიორობის შესახებ განზრახვას იშვიათ მიწათა და იშვიათი ლითონების საკმაოდ მოთხოვნად სფეროში.
„საფრანგეთი აფასებს იმ გზას, რომელსაც თქვენ მიჰყვებით თქვენი ქვეყნისთვის, უარს ამბობთ, რომელიმე ძალის ვასალობაზე და ცდილობთ, დაამყაროთ მრავალრიცხოვანი და დაბალანსებული ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან,“ - განუცხადა მაკრონმა თოყაევს. Reuters- წერს, რომ რუსეთმა ცენტრალური აზიის ქვეყნებში დასავლეთის მზარდი დიპლომატიური აქტივობის გამო, შეშფოთება გამოთქვა.
„ყაზახეთმა და უზბეკეთმა, სადაც მაკრონი მოგზაურობს, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებაზე უარი განაცხადეს და პირობა დადეს, რომ დაემორჩილებიან დასავლეთის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, ხოლო რუსეთს და დასავლეთის ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, თავიანთ სტრატეგიულ პარტნიორებს უწოდებენ,“ - წერს Reuters-ი.
„ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენ აქ ვართ, როცა მათ ვჭირდებით და პატივს ვცემთ მათ დამოუკიდებლობას. იმ სამყაროში, სადაც დიდ ძალებს სურთ, გახდნენ ჰეგემონები და სადაც რეგიონული ძალები არაპროგნოზირებადები ხდებიან, კარგია, გყავდეს მეგობრები, რომლებიც იზიარებენ ამ ფილოსოფიას,“ - განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის ვიზიტის შესახებ კითხვას, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უპასუხა და განაცხადა, რომ რუსეთი ყაზახეთთან ურთიერთობას „ძალიან აფასებს.“
„ჩვენი მხრივ, ჩვენ გვაქვს ისტორიული კავშირები, სტრატეგიული პარტნიორობის კავშირები ყაზახეთთან, ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან და ჩვენი ინტერესები გაერთიანებულია მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში,“ - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ყაზახეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტს დახვედრისას განაცხადა: „გმადლობთ, რომ მიიღეთ ჩემი მოწვევა და ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში ჩამოხვედით. ყაზახეთსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა კარგად ვითარდება. თუმცა, აუცილებელია ორმხრივ ურთიერთობებს ახალი ბიძგის მიცემა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ვიზიტი ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი მოლაპარაკებები პროდუქტიული იქნება.“
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ თოყაევი ბერლინს ეწვია. ოქტომბერში კი, ცენტრალური აზიის ქვეყნების ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, გააგრძელონ თანამშრომლობა სანქციების გვერდის ავლის მიმართულებით რუსეთის მცდელობებთან საბრძოლველად.