ბულგარეთმა რუსი პროპაგანდისტი გააძევა

ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტომ (DANS) განაცხადა, რომ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ჟურნალისტის, ალექსანდრ გაცაკის ექსტრადიციის თაობაზე ბრძანება გასცა.

DANS-ის ცნობით, რუსეთის მოქალაქე ბულგარეთში ჟურნალისტის საფარქვეშ ახორციელებდა სადაზვერვო საქმიანობას, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.

„ოთხშაბათს ალექსანდრ გაცაკმა ბულგარეთის ტერიტორია დატოვა, განაცხადა DANS-ის პრესცენტრმა.


რადიო თავისუფლების ბულგარულმა სამსახურმა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. შეკითხვებს არ გამოხმაურებია არც გაცაკი.

მოსკოვი დაიმუქრა, რომ „საპასუხო ზომებს მიიღებს ბულგარეთის ხელისუფლების ქმედებების გამო.“

სექტემბრის ბოლოს ბულგარეთმა ჯაშუშობაში ეჭვის გამო, სოფიის რუსული ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ვასიანი და ეკლესიის კიდევ ორი მოღვაწე გააძევა, რასაც მოსკოვის მწვავე რეაქცია მოჰყვა, ეკლესია კი, რამდენიმე კვირის განმავლობაში დაკეტილი იყო.


მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთი უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდა, ქვეყანაში პრორუსული განწყობები კვლავ შესამჩნევია. ბევრი ბულგარელი ასევე მხარს უჭერს ნეიტრალიტეტის პოზიციას რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით. 2022 წლის ოქტომბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 67.5% ამჯობინებდა, რომ მათ მთავრობას ომში მხარე არ გამხდარიყო.

2023 წლის ივნისში გამოკითხული ბულგარელების თითქმის 65%-მა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 64% ემხრობოდა სამხედრო დახმარების მიწოდებას. კიდევ 66%-ს სურდა, რომ მთავრობა აეკრძალა რუსული სახელმწიფო მედია.