ორბანი ყაზახეთში: უნგრეთი ყოველთვის იყო ყაზახეთის საიმედო სტრატეგიული პარტნიორი, ასე იქნება მომავალშიც

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი ასტანაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური, საინვესტიციო და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების საკითხები.

ორბანის თქმით, უნგრეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობა ისეთ კარგ დონეზეა, როგორც არასდროს, მაგრამ პოტენციალი, განსაკუთრებით ეკონომიკაში, ჯერ კიდევ დიდია.

„ყოველთვის სასიამოვნოა სახლში დაბრუნება. უნგრელები დიდი სიამოვნებით ჩამოდიან ყაზახეთში, რადგან ჩვენ ხალხებს ათასწლიანი საერთო ფესვები აკავშირებთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ დიდი ძალისხმევა გავწიეთ ჩვენი თანამშრომლობის გასავითარებლად და კარგი შედეგები მივიღეთ. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან თანამშრომლობა. უნგრეთი ყოველთვის იყო ყაზახეთის საიმედო სტრატეგიული პარტნიორი და ასეთად დარჩება მომავალშიც,“ - განაცხადა ორბანმა.


ორბანი ასტანას თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის მე-10 სამიტში მონაწილეობის მისაღებად სტუმრობს. ყაზახეთში ასევე ელოდებიან თურქეთის პრეზიდენტს.

უფრო ადრე, ყაზახეთში, პირველ ნოემბერს იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუალ მაკრონი.