ყაზახეთი მზადაა, გაზარდოს ნავთობის მიწოდება საფრანგეთში

ყაზახეთი მზადაა, გაზარდოს ნავთობის მიწოდება საფრანგეთში და ასევე ხედავს ქვეყანაში ურანის ექსპორტის პოტენციალს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით ასტანაში პირველ ნოემბერს ჩავიდა.


ყაზახეთ-ფრანგულ ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას თოყაევმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტიული სფეროები მიმოიხილა.

მისი აზრით, ასეთი პრიორიტეტები მოიცავს ენერგეტიკულ სექტორს.

„ყაზახეთი არის ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი საფრანგეთის ბაზარზე და ჩვენი ქვეყანა მზად არის, გაზარდოს ექსპორტის მოცულობა," - ნათქვამია ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.


მისივე თანახმად, ყაზახეთი მსოფლიოში ურანის უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც ევროპაში მოხმარებული ატომური საწვავის მეოთხედზე მეტს შეადგენს.

„ვინაიდან ატომური ენერგიის გამომუშავების წილი საფრანგეთის ენერგეტიკულ სექტორში 63%-ს აღწევს, თანამშრომლობის გაგრძელების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს," - ნათქვამია თოყაევის განცხადებაში. 

მან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზეც ისაუბრა. „ეს არის არამხოლოდ უმოკლესი, არამედ, ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მარშრუტი, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მიწოდების ჯაჭვის საიმედოობას უზრუნველყოფს,” - განაცხადა თოყაევმა.