ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიის დღის აღსანიშნად სხვადასხვა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო დიდი ალბათობით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ სტატუსის არმოცემა, რუსეთისთვის ერთგვარი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს და ეს საქართველოს პარტნიორებმაც კარგად იციან.
„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ რამდენიმე დღეში არ გადაწყდება ჩვენი ევროპული მომავალი. რამდენიმე დღეში ველოდებით კომისიის დასკვნას, რომელიც ასახავს რეკომენდაციების მათ შეფასებას - რამდენად შესრულდა, არ შესრულდა. ჩემი მოლოდინით იქნება და მე არაფერი შიდა ინფორმაცია არ გამაჩნია იმიტომ, რომ ამაზე არავინ ბოლომდე არაფერს ამბობს.
- ჩემი შეხედულებაა, რომ ჩვენ დიდი ალბათობით, მივიღებთ სტატუსს, ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ მე ყველაფერი გავაკეთე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, არ მინდა, მეტი ვილაპარაკო იმაზე ვინ მეტი გააკეთა და ვინ ნაკლები.
იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ ამას მივაღწევთ იმიტომ, რომ მემგონი ჩვენმა პარტნიორებმა კარგად გაიგეს, რომ ჩვენთვის ამ კანდიდატურის არმოცემა, რუსეთისთვის ერთგვარი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს და ამისი სურვილი არ არსებობს.
მაგრამ ისიც უნდა ითქვას ძალიან ხაზგასმით, რომ არ შეიძლება წინასწარ იმის ძახილი, რომ უთუოდ მოგვცემენ. მე მაქვს იმედი, მაქვს რწმენა, რომ ჩვენ აქეთკენ მივდივათ და ეს უნდა იყოს წარმატებული, მაგრამ არ არის სწორი და არც არ არის ეთიკური, ვიტყოდი, ამის ძახილი, როცა ოცდაშვიდმა ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას აქვს დიდი მნიშვნელობა და ერთმაც რომ თქვას უარი, ეს იქნება უარი. ამის მიმართ იმის თქმა რომ ას პროცენტიანად გარანტირებულია, არის ან არ ცოდნა იმ სისტემის ან არასწორი,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, სტატუსზე უარი უზარმაზარი უიმედობის საფუძველი გახდება.
„თუ არ მივიღეთ, რაც დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება... რომ არ მივიღოთ, ეს იქნება უზარმაზარი უიმედობის საფუძველი. რაც არ ვიცი რით უნდა დავძლიოთ. ძალიან რთული იქნება და რთული იქნება ყველაზე მეტად იმ ახალი თაობისთვის, რომელიც ამას ელოდება და რომლის ახლო და ხანგრძლივი მომავალი ამაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, თუ მივიღეთ, პირიქით ეს იქნება იმ იმედის საფუძველი, რომელიც მერე მობილიზაციაში გადაიქცევა, რის გარეშეც ჩვენ სერიოზული და თავისუფალი არჩევნები არ გვექნება.
ჩვენ უნდა მოვამზადოთ არჩევნები, ჩვენ სერიოზულად უნდა ჩავებათ. დრო მოვიდა, რომ დიასპორა სხვანაირად ჩაერთოს ამ არჩევნებში, შორიდან არ გვიყუროს და თქვან რომ თქვენ ასე და ისე უნდა მოიქცეთ. არა, მოქცევა და ჩართვა ნიშნავს, რომ მონაწილეობა უნდა მიიღო ამ არჩევნებში, მაგრამ პირველი და აუცილებელი წინაპირობა ამ ყველაფრის არის ის, რომ ხალხი იმედიანად იყოს, მობილიზებული იყო, გვჯეროდეს რომ შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ და ყველაფერს მივაღწევთ,“ - განაცხადა ზურბიაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, არ შეიძლება, რომ ევროპული ცივილიზაციის სივრცის გარეთ დავრჩეთ. „ამ სივრცის გარეთ დარჩენა ნიშნავს დაუცველობას, ნიშნავს მართლაც მარტო ყოფნას, ნიშნავს იზოლაციას. ეს ძალიან რთულია, მით უმეტეს დღეს. შეიძლება, ვიფიქროთ, რომ წარსულშიც ასე იყო, მაგრამ წარსულში სხვა ტიპის ბალანსი არსებობდა და ჩვენ ამას რაღაცნაირად ვეჭიდებოდით,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.