კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა შეეფარდა

„ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი, მისი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ბრალდებულის ადვოკატი ამბობდა, რომ საბადრაგო სამსახურის უფროსი უწყებაში 14 წელი მუშაობდა, აღიარებს დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ მიმალულა.


პროკურორმა კი, განაცხადა, რომ ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

ბრალდების მხარის შუამდგომლობას პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ივერი ნატრიაშვილი საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა და დეტალური ჩვენება მისცა. ადვოკატის თქმით, სახეზე გაუფრთხილებლობითი დანაშაულია და არა განზრახი, ის საჯარო მოხელე 14 წლის განმავლობაში იყო და ერთხელაც არ ჰქონია გადაცდომა. ამასთანავე, ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული. დაცვის მხარე საჭიროების შემთხვევაში საზღვრის დატოვების აკრძალვას ეთანხმებოდა და გამოითქვა ყოველდღიურად პოლიციის განყოფილებაში გამოცხადების მზაობაც.

საპასუხოდ, პროკურორმა აღნიშნა, რომ საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელს უყურადღებოდ ჰყავდა დატოვებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები. გამოძიების თანახმად, არსებობს ავტომანქანის ვიდეოჩანაწერი, სადაც პატიმრების გაქცევის ფაქტია ასახული. პროკურორის განმარტებით, უფროსი ოფიცერი იმ ადგილზე არ იმყოფებოდა, სადაც უნდა ყოფილიყო, ის წინა სავარძელზე იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა, განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებულები კი, აბსოლუტურად უმეთვალყურეოდ ჰყავდა დატოვებული.


პროკურორმა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობაც დააყენა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა.

შარაშენიძის განმარტებით, ესკორტის უფროსი ტელეფონზე საუბრობდა, რითაც პატიმრებმა ისარგებლეს და გაიქცნენ, რაც ადვოკატის თქმით, ეს არავითარი შეთანხმება არ იყო და იყო შემთხვევითობა.


მოსამართლემ პროკურატურის ორივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ივერი ნატრიაშვილი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა.


გამოძიების ინფორმაციით, პირველ ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა ივერი ნატრიაშვილმა ბადრაგირების დადგენილი წესი არ შეასრულა, მსჯავრდებულები მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა და სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები სათანადოდ არ ჩაკეტა, რითაც, სამმა მსჯავრდებულმა ისარგებლა.

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი პირველ ნოემბერს გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.