საქართველოს პროკურატურა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.
გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს.
„ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე, უძრავი ქონებით.
აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრება, როგორიცაა საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა,“ - განაცხადა გვარაკიძემ.
პროკურატურის ცნობთ, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას და იღებდა არალეგალურ შემოსავლებს - დეკლარაციებში უთითებდა, თითქოს საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს - მისი ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს.