პრეზიდენტი პარლამენტზე: ვიდრე მეორე პალატა არ იქნება, ადგილობრივი თვითმმართველობა რეალურად არ გვექნება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორპალატიანი პარლამენტის შექმნის მომხრეა. მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს „რეალური თვითმმართველობა.“

„მე ვწუხვარ ერთი რამის გამო, რომ არასოდეს ამ ქვეყანაში არ ყოფილა გახსნილი დისკუსია, ნამდვილი დისკუსია იმის შესახებ თუ რომელი რეჟიმი - საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო იქნებოდა საქართველოსთვის. ეს სრული დისკუსია არც პარლამენტში არ ჩატარებულა. მე ვიყავი მონაწილე იმ საკონსტიტუციო კომისიის და პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემა მოგვყვება პირველივე დღიდან, ვიტყოდი პირველი რესპუბლიკიდანაც ერთგვარად.


ჩვენ ვცვლით რეჟიმებს და კონსტიტუციებს იმის მიხედვით თუ რა არ მოგვეწონა წინა მმართველებისგან, თუ პრეზიდენტი არ მოგვწონდა და თუ ზე-პრეზიდენტობდა, მაშინ გვინდა საპარლამენტო, ახლა პარლამენტი...შეიძლება, გუშინდელი და გუშინწინდელი ძახილების მერე ჩავთვალოთ რომ არ მოგვწონს ასეთი უხამსობა და გადავწყვიტოთ, რომ სხვა სისტემა გვირჩევნია.

ეს არის  ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი საკითხი, როგორც კიდევ ბევრი საკითხი გვაქვს კონსტიტუციაში. მე მაგალითად მიმაჩნია, ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ ჩვენ ორი პალატა გვჭირდება, ამიტომ, ვიდრე მეორე პალატა არ იქნება, არ გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობა რეალურად.

დღესვე უნდ შეიქმნას, თეორიულად ვამბობ კიდევ ერთხელ, და ახლავე უნდავ ვუთხრათ და ვაჩვენოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რა იქნება მათი ადგილი იქ და დავტოვოთ მათი ადგილი ღიად, მაგრამ სისტემა შევცვალოთ იმისთვის, რომ მივცეთ ამ ქვეყანას მეტი პოლიტიკური განვითარების საშუალება. 2006 წლიდან ვფიქრობდი ამას და არაფერი არ შეიცვალა. თუ არა ადგილობრივი დემოკრატია და თვითმმართველობა, თუ იქიდან არ წამოვიდნენ ახალი პოლიტიკოსები, მაშინ ვიტრიალებთ ამ წრეზე,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.