უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ თვლის, რომ უკრაინის ფრონტზე ვითარება ჩიხშია. ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს.
ამის შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს არ არის ჩიხი. რუსეთი ცას აკონტროლებს. ჩვენ ჩვენს ჯარებს ვიცავთ. არავის [უკრაინაში] არ სურს ჩვენი ხალხი უბრალოდ ჩააგდოს [ბრძოლაში], როგორც ამას რუსეთი აკეთებს," - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, კიევი ცაში რუსების უპირატესობას მას შემდეგ დაძლევს, რაც უკრაინელი პილოტები F-16-ებზე წვრთნებს დაასრულებენ.
ზელენსკიმ ასევე უარყო, რომ უკრაინის პარტნიორები მასზე ზეწოლას ახდენდნენ რუსეთთან მოლაპარაკების მიზნით.
„ყველამ იცის ჩემი პოზიცია, რომელიც იგივეა, რაც უკრაინელი ხალხის პოზიცია. ახლა ჩემზე ზეწოლას არავინ ახორციელებს. ეს ხდებოდა ომამდე და ომის დასაწყისში. რუსეთთან დასხდომა და მასთან ლაპარაკი, დათმობებზე წასვლა - ეს არ მოხდება," - განაცხადა ზელენსკიმ, რითაც გამოეხმაურა NBC-ის ინფორმაციას, რომლის თანახმად, ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინასთან განხილვები დაიწყეს, რათა რუსეთთან მოლაპარაკებებზე დაითანხმონ.
The Economist-თან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინული კონტრშეტევა შესაძლოა, პოზიციურ ომად შეიცვალოს და წლები გაგრძელდეს. ეს მოსაზრება ვაშინგტონში შეაფასეს. „უკრაინის ლიდერების უფლებაა, ისაუბრონ თავიანთ პროგრესზე ან მის ნაკლებობაზე. ეს ნამდვილად მათი საქმეა. ვფიქრობ, ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ. მე ახლა ვერ ვისაუბრებ ახალ შესაძლებლობებზე, თუმცა რაც შემიძლია, გითხრათ, ისაა, რომ ომის განვითარების შესაბამისად მოვამარაგეთ უკრაინა და ეს პროცესი გაგრძელდება,“ - უპასუხა ჯონ კირბიმ მედიას.