ზალუჟნი რუსეთთან ხანგრძლივი პოზიციური ომის თავიდან ასაცილებლად, 5 ამოცანას ასახელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი The Economist-ში გამოქვეყნებულ სტატაში წერს, რომ რუსეთთან ომი გადადის ახალ ეტაპზე - პოზიციურ ომზე სტატიკური და გამომფიტავი ბრძოლებით. უკრაინელი გენერლის შეფასებით, ასეთი ომი ხელს აძლევს რუსეთს და მისთვის ძალების აღდგენის საშუალებაა.


უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, “პოზიციური” ომი დიდ რისკებს შეიცავს უკრაინისთვის, ხოლო აქედან გამოსავალი მხოლოდ მტერზე ყველაფერში უპირატესობის ქონა იქნება, კერძოდ კი “უპირატესობა ცაში, რადიოლოკაციური ბრძოლისა და არტილერიის საწინააღმდეგო ბრძოლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შესაძლებლობები, განაღმვის ახალი ტექნოლოგიები და მეტი რეზერვების მობილიზებისა და გაწვრთნის შესაძლებლობები”. ზალუჟნის შეფასებით, ახალ, ინოვაციურ მიდგომებს შეუძლიათ, ეს ომი კვლავ პოზიციურიდან მანევრირებადად აქციონ.”

„უკრაინამ არამხოლოდ გააჩერა გაცილებით უფრო ძლიერი მეტოქის შემოჭრა, არამედ საკუთარი ტერიტორიის დიდი ნაწილიც გაათავისუფლა. თუმცა, ახლა ომი ახალ ეტაპზე გადადის: იმაში, რასაც ჩვენ, სამხედროები, “პოზიციურ” ომს ვეძახით, რომელიც სტატიკური და დამქანცავი ბრძოლებისგან შედგება. ეს რუსეთს არგებს, ვინაიდან საშუალებას მისცემს საკუთარი სამხედრო ძალა აღადგინოს, რაც საბოლოო ჯამში საფრთხეს შეუქმნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და თავად სახელმწიფოს,” - წერს ზალუჟნი.


ვალერი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება გადამწყვეტი საბრძოლო საშუალებები და ტექნოლოგიები. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი წერს, რომ უპრეცედენტო სანქციების მიუხედავად, რუსეთი ზრდის სამხედრო წარმოებას. წარმოება გააძლიერეს NATO-ელმა პარტნიორებმაც, თუმცა, ზალუჟნის შეფასებით, მათ შედეგისთვის სჭირდებათ სულ მცირე, ერთი წელი, ზოგიერთ, მაგალითად, თვითმფრინავების შემთხვევაში კი - ორი.


უპირველეს ამოცანად და პრიორიტეტად ასახელებს ავიაციას, რადგან ზალუჟნის განცხადებით, რუსეთი უკრაინის საჰაერო სივრცეში მნიშვნელოვან უპირატესობას ინარჩუნებს და ეს ართულებს უკრაინის ძალების წინსვლას. კიდევ 4 პრიორიტეტია უკრაინის არმიის უზრუნველყოფა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, კონტრბატარეის ბრძოლა და მოწინააღმდეგის არტილერიის განადგურების პოტენციალის გაძლიერება, ნაღმების დაძლევისთვის საჭირო ტექნოლოგიები და რეზერვის გაზრდა.