ზელენსკი: არ ვართ მზად, ჩვენი თავისუფლება ტერორისტ პუტინს დავუთმოთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები არ აპირებენ, მათი თავისუფლება ტერორისტ ვლადიმირ პუტინს დაუთმონ.

„მე დიდი ძალა მაქვს. მაგრამ, როცა თავს ძლიერად მივიჩნევთ და დიდი ენერგია გვაქვს, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ გვსურს, ვიომოთ მთელი ცხოვრება, რადგან ეს ძვირად გვიჯდება იმიტომ, რომ ომი გვართმევს ჩვენს შორის საუკეთესოებს, საუკეთესო გმირებს, საუკეთესო კაცებს, ქალებს და ბავშვებს. მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად, ჩვენი თავისუფლება ტერორისტ პუტინს დავუთმოთ. აი, ამიტომ ვიბრძვით,“ განაცხადა ზელენსკიმ ამერიკული ტელეარხის ეთერში, რითაც უპასუხა შეკითხვას - “რა გიბიძგებთ წინსვლისკენ, ოდესმე თავი დამარცხებულად გიგრძვნიათ?“


მანამდე, ზელენსკიმ უარყო, რომ უკრაინის პარტნიორები მასზე ზეწოლას ახდენდნენ რუსეთთან მოლაპარაკების მიზნით. ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს. ამის შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ყველამ იცის ჩემი პოზიცია, რომელიც იგივეა, რაც უკრაინელი ხალხის პოზიცია. ახლა ჩემზე ზეწოლას არავინ ახორციელებს. ეს ხდებოდა ომამდე და ომის დასაწყისში. რუსეთთან დასხდომა და მასთან ლაპარაკი, დათმობებზე წასვლა - ეს არ მოხდება," - განაცხადა ზელენსკიმ, რითაც გამოეხმაურა NBC-ის ინფორმაციას, რომლის თანახმად, ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინასთან განხილვები დაიწყეს, რათა რუსეთთან მოლაპარაკებებზე დაითანხმონ.


ზელენსკი ასევე გამოეხმაურა ფრონტზე ჩიხის შესახებ ზალუჟნის შეფასებას.

„ეს არ არის ჩიხი. რუსეთი ცას აკონტროლებს. ჩვენ ჩვენს ჯარებს ვიცავთ. არავის [უკრაინაში] არ სურს ჩვენი ხალხი უბრალოდ ჩააგდოს [ბრძოლაში], როგორც ამას რუსეთი აკეთებს," - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, კიევი ცაში რუსების უპირატესობას მას შემდეგ დაძლევს, რაც უკრაინელი პილოტები F-16-ებზე წვრთნებს დაასრულებენ.

The Economist-თან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინული კონტრშეტევა შესაძლოა, პოზიციურ ომად შეიცვალოს და წლები გაგრძელდეს. ეს მოსაზრება ვაშინგტონში შეაფასეს. „უკრაინის ლიდერების უფლებაა, ისაუბრონ თავიანთ პროგრესზე ან მის ნაკლებობაზე. ეს ნამდვილად მათი საქმეა. ვფიქრობ, ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ. მე ახლა ვერ ვისაუბრებ ახალ შესაძლებლობებზე, თუმცა რაც შემიძლია, გითხრათ, ისაა, რომ ომის განვითარების შესაბამისად მოვამარაგეთ უკრაინა და ეს პროცესი გაგრძელდება,“ - უპასუხა ჯონ კირბიმ მედიას.