CIA-ის დირექტორი ისრაელში ჩავიდა

CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი დაზვერვის მაღალჩინოსნებთან ერთად, ისრაელში ჩავიდა. ინფორმაციას The Washington Post-ი აქვეყნებს.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) დირექტორს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოლაპარაკებების აქვს დაგეგმილი.

ბერნსი ღაზის სექტორში მიმდინარე ომის თემას, „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებასა და ისრაელ - “ჰამასის“ ომის ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაზრდის თავიდან აცილების საკითხებს განიხილავს.


ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მოკავშირეების მეშვეობით, ირანსა და “ჰამასს“ გაფრთხილების სიგნალს უგზავნის, რომ ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ სამხედრო პასუხისთვის მზად იქნება. საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებზე შეტევები გახშირდა.