ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

იოსელიანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ასევე, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.


„6 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ასევე, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.


აღნიშნული, ადამიანის უფლების მორიგი უმძიმესი დარღვევის ფაქტი გამოძახილია იმისა, რომ საქართველოს ოთხი მოქალაქის: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები ამ დრომდე დაუსჯელები არიან, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ასევე, კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა.

ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს,“ – ნათქვამია განცხადებაში.


შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“
 
განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.

შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა.