ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით, ერგნეთში საგანგებო შეხვედრა დასრულდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიას განუცხადა, რომ უმთავრესი მოთხოვნა იყო, მეორე უკანონოდ დაკავებულის, რომელიც ამჟამად იმყოფება ცხინვალში, დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დაუყოვნებლივი დასჯა.


ანთაძის თქმით, პირველ რიგში უნდა გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე. მისივე განცხადებით, ხელისუფლების პოზიცია კირბალის მიმდებარედ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი.

„ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან პასუხს, რათა პირველ რიგში, რაც მთავარია, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქე, რომელიც მკვლელობის ფაქტს შეესწრო, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის პირველი შემთხვევა. ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი, რაც მოხდა ამას არავითარი ადამიანური გამართლება არ აქვს. ვმუშაობთ აქტიურად, რომ დაბრუნდეს უკანონოდ დაკავებული ოჯახში. პერმანენტულ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საქმის კურსში ჩავაყენეთ ჟენევის საერთასორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ახლა ველოდებით პასუხს, რომ უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქე დავაბრუნოთ ოჯახში,“ - განცხადა ანთაძემ.


რაც შეეხება გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სუს-ის წარმომადგენლის თქმით, საოკუპაციო რეჟიმისგან მიღებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე თავს კარგად გრძნობს და მას ფიზიკური დაზიანებები არ აქვს.

„მეორე უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმისგან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ იგი დავაბრუნოთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე თავად დავრწმუნდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა,“ – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.


შეკითხვას, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ანთაძემ უპასუხა, რომ ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს „ჩვენი თანამოქალაქე.“

„ამ ფაქტს თვითმხილველი არ შესწრებია, მაგრამ მოვლენები განვითარდა იმგვარად, რომ საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს. ამ ეტაპზე სწორედ ეს არის ინფორმაცია, რაზეც დაბეჯითებით შეგვიძლია, ვისაუბროთ,“ – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

რა ტერიტორიაზე მოხდა სროლა, ანთაძე ამ შეკითხვას არასწორად მიიჩნევს: “ოკუპირებული ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია და სწორედ ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, იქ მყოფი საოკუპაციო ძალები რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას,“ - აღნიშნა ანთაძემ.


“ოქროს მოწმე“

„ოქროს მოწმე“ არსებობს და ის იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო პატიმრობაში,“ -  განუცხადა ირაკლი ანთაძემ მედიას შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმ დეტალების დასადგენად, რაც ნათელს მოჰფენს „ამ უმძიმეს დანაშაულს.“

„მე შემიძლია ოპერირება მხოლოდ დაზუსტებული ფაქტებით. მიმდინარეობს მუშაობა და ვეძებთ ყველა შესაძლო დეტალს, რაც დამატებით ნათელს მოჰფენს ამ უმძიმეს დანაშაულს, რაც მოხდა სოფელ კირბალთან, მაგრამ ამ მომენტისთვის ოქროს მოწმე, რომელზეც დაბეჯითებით შეგვიძლია, ვისაუბროთ, გახლავთ სწორედ ის პიროვნება, რომელიც იმყოფება უკანონო პატიმრობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რომლის ოჯახში დაუყოვნებლივი დაბრუნებაც მოვითხოვეთ,“ – აღნიშნა ანთაძემ.


ირაკლი ანთაძის განცხადებით, ამ დროისთვის ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას საპოლიციო ძალები უზრუნველყოფენ.

სუს-ის წარმომადგენლის განცხადებით, დღევანდელმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ანტიჰუმანური ხასიათი, რაც ზოგადად ოკუპაციას აქვს

„დღევანდელმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ანტიჰუმანური ხასიათი, რაც ზოგადად ოკუპაციას აქვს და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფნას,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.


შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“
 
განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.

შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა.