ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.
“დამწუხრებული ვარ საქართველოს ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან ახლოს რუსი ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის მიმართ განხორციელებული სასიკვდილო სროლით. ვუსამძიმრებ ოჯახს და საქართველოს ხელისუფლებას. ვითხოვ მეორე გატაცებულის გათავისუფლებას“, - წერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“
შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“
ასევე გაეცანით:
-
ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე
-
სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა