ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში აფეთქებები იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „კიევის რეჟიმი“ ცდილობდა, 17 უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა „ტერორისტული შეტევა.“
სამინისტროს ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შავი ზღვის აკვატორიის და ყირიმის თავზე „გაანადგურეს" 9 დრონი, ხოლო 8 „გზად დაიჭირეს.“
რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები კერძო სახლებს დაეცა დასახლებულ პუნქტებში, ორლოვკასა და ანდრეევკაში. რაზვოჟაევის თანახმად, მძიმედ დაიჭრა ერთი ადამიანი.
ანექსირებულ ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს.
უკრაინა ყირიმს ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.