პრეზიდენტი ხელმოწერების კამპანიას იწყებს: ხვალ შევიკრიბებით, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში

რუსეთის აგრესიაზე პასუხია ის, რომ საქართველო შევა ევროპულ ოჯახში. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.“ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების განმავლობაში. ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, მის განცხადებებს რომ ვითომ არის ერთსულოვანი და ჩვენი მეგობარი.

რეალურად, როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი - ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში, ჩვენ სხვა პერსპექტივას არ ვუყურებთ და არც გვჯერა.

ძალიან გასაკვირია, თუ საქართველოში ვინმეს შეიძლება, სჯეროდეს მომავლის რუსეთთან ერთად, რუსეთისკენ შემყურე. ვინმეს სჯეროდეს, წავიდეს და რამე ისწავლოს რუსეთში და რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ რაღაც მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთთან. ჩვენი მომავალი არის ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ევროპაში“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


მან ხვალ, 8 ნოემბერს, 8 საათზე შეკრება დააანონსა. მისი თქმით, ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით გეგმავდნენ შეკრებას, თუმცა ღონისძიების არსი მაინც არ შეიცვლება.

„ხვალ იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვგეგმავდით ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს. შევიკრიბებით არა ზეიმისთვის, რადგან ზეიმი იქნება მაშინ, თუ მივიღეთ ჩვენ პასუხი დეკემბერში, არამედ იმისთვის, რომ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპნაია, რომელშიც ყველანი ვიქნებით ჩართული. ჩვენი საზოგადოება დღეს უნდა იყოს ერთიანი – დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურიობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი, რადგან რუსეთმა სცადა, კიდევ შეგვიცვალოს დღის ჩვენი წესრიგი.


ჩვენ დღეს მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი. ჩვენ შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე, მაგრამ არა მისი არსი. ხვალ შევიკრიბებით და ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ. ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენს ხმას. ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ხელმოწერების კამპანიას, რამეთუ რუსეთი ვერასოდეს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი, რომელიც მოგვყვება, რომ საქართველომ თავისი გზა არასოდეს შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით.

ეს არის ქართველი ხალხის ნება და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ის, რაც ეკუთვნის საქართველოს – იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნის და მშვიდობიანად ყოფნის მომავალი. ხვალამდე, 20:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს.


შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.


შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“


ასევე გაეცანით: