შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი: თამაზ გინტურის ავტომობილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დგას და ჯერჯერობით მანქანამდე ვერ მივედით

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, თამაზ გინტურის ავტომობილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დგას და ჯერჯერობით მანქანამდე არ მისულან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვალერი თელიამ სოფელ კირბალში განუცხადა.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, დეტალებს ვერ მოგახსენებთ, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური აუცილებლად გაავრცელებს. გამოკითხულია ძალიან ბევრი მოწმე,“ - განაცხადა ვალერი თელიამ.


კითხვას, არის თუ არა რაიმე სიახლე რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ლევან დოთიაშვილთან დაკავშირებით, თელიამ უპასუხა, რომ „ჯერჯერობით არაფერი“. მან, ასევე, უპასუხა შეკითხვას, რომლის თანახმად, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის მანქანა დაცხრილულია.

„ჯერჯერობით ჩვენ მანქანამდე არ მივსულვართ, მანქანა დგას ოკუპირებულ ტერიტორიაზე და როგორც კი გვექნება ავტომანქანასთან მისვლის, დათვალიერების საშუალება, ამის შემდეგ მოგახსენებთ. გამოძიება მიმდინარეობს და ძალიან მალე დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ,“ - განაცხადა ვალერი თელიამ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.


ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. მისი გადმოცემის საკითხზე ირაკლი ანთაძე  აღნიშნავს: „რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადმოცემის პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს. მე ვუშვებ ამის ალბათობას, ამას არ ვამტკიცებ."


შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.


შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“


ასევე გაეცანით: