პრეზიდენტი ევროპელ დიპლომატებს: არ შეიძლება, საქართველოს უარი ეთქვას სტატუსზე, რადგან ყოველდღიურად, ასეთ რთულ ვითარებაში უწევს ქართველ ხალხს ცხოვრება

შეხვედრა, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, კირბალში მომხდარ ფაქტზე საუბრით დაიწყო.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები არ იცვლება და ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის ევროპა და ევროპული მომავალი, ასეთ რთულ ვითარებაში.

პრეზიდენტის განცხადებით, ევროკომისიის ხვალინდელი დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომელსაც დეკემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ.


არ შეიძლება, საქართველოს უარი ეთქვას სტატუსზე, რადგან ყოველდღიურად, ასეთ რთულ ვითარებაში უწევს ქართველ ხალხს ცხოვრება.

„ევროპას უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა, ვიკრიბებით ხვალ, რომ საზოგადოების ყველა წევრმა საკუთარი ნება გამოხატოს,” - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს.


შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.


შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“


ასევე გაეცანით: