მოკლული თამაზ გინტურის ძმა: ეძებდნენ, როგორც 2008 წლის ომის მონაწილეს

მოკლული თამაზ გინტურის ძმა მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა.

„ჩემი ძმა გარდაცვლილი მშობლების საფლავზე იყო. დაანთო სანთელი, დაბრუნდა უკან და დაინახა ლომისის ეკლესია, მოინდომა იქ ასვლა, ავიდა ეკლესიაში, შემოუარა სამჯერ, დაანთო სანთლები და რომ წამოვიდა, უკნიდან დაცხრილეს. ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. რომ ჩამოიყვანეს, უკვე დაღუპული იყო.

2008 წელს მონაწილეობდა ომში, წოდებით იყო მაიორი და მე როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც. 9 კაცი იყო და 9 კაცს ორი კაცი როგორ გაუსწორდებოდა. 9 ავტომატიანს, ხელით ხომ ვერ გაუსწორდებოდნენ," - განუცხადა ნიკოლოზ გინტურმა მედიის წამრომადგენლებს.

ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს.


შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.


შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“


ასევე გაეცანით: