ევროკავშირი არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონს მიიღებს

ევროკავშირი საარჩევნო პროცედურაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზომების მიღებას გეგმავს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

გეგმის მიხედვით, ევროკავშირის არაწევრ სუბიექტებს აეკრძალებათ ევროპაში პოლიტიკური რეკლამის დაფინანსება არჩევნებამდე ან რეფერენდუმამდე სამი თვით ადრე. გერმანული გამოცემის ცნობით, ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები პოლიტიკური რეკლამის შესახებ კანონპროექტის ძირითად დებულებებზე შეთანხმდნენ, რომელიც, სავარაუდოდ, 2025 წელს შევა ძალაში.

ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სანდრო გოსმა განმარტა, რომ ახალმა წესებმა მესამე ქვეყნებს საქმე უნდა გაურთულოს ევროპაში ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და დემოკრატიულ პროცესებში ჩარევაში. სხვა საკითხებთან ერთად, კანონი გავრცელდება მთავარ ინტერნეტპლატფორმებზეც. მედიის ცნობით, მათ ხელმძღვანელობას მოეთხოვება პოლიტიკურ საარჩევნო რეკლამაზე წარწერის გაკეთება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ დგას მის უკან და ვინ აფინანსებს მას.