სენატში დემოკრატებმა დაბლოკეს ისრაელის დახმარების კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებდა

აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც ისრაელის დასახმარებლად 14.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარებას არ მოიცავდა. მანამდე კანონპროექტზე ვეტოს დადების პირობა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადო.

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს სენატი დაამტკიცებდა, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარედგინებოდა, მაგრამ თეთრმა სახლმა წინასწარ განაცხადა, რომ ბაიდენი ვეტოს დაადებდა და უარს იტყოდა დოკუმენტის ხელმოწერაზე, მაშინაც კი, თუ მას კონგრესის ორივე პალატა დაამტკიცებდა.

2 ნოემბერს, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, სადაც უმრავლესობა „რესპუბლიკელებს“ აქვთ, მაგრამ სენატმა, რომელსაც „დემოკრატები“ აკონტროლებენ, კანონპროექტი არ დაამტკიცა.


ბაიდენის ადმინისტრაცია დახმარების შერწყმის მომხრეა, რასაც რესპუბლიკელთა ხელმძღვანელობა არ იზიარებს.

30 ოქტომბერს რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატას წარუდგინეს წინადადება, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ისრაელის დახმარებას. ამ მიზნით 14,3 მილიარდი დოლარი უნდა გამოიყოს ფედერალური საგადასახადო სამსახურის დაფინანსების შემცირების ხარჯზე. რესპუბლიკელების ამ ინიციატივის პასუხად თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ როგორც ისრაელის, ისე უკრაინის დახმარება შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხია და მისი პოლიტიზაცია არ გამოვა.

პრეზიდენტის ვეტომდე კანონპროექტის მიღებას კონგრესის ორივე პალატის თანხმობა სჭირდება. კონგრესის წარმომადგენელთა პალატისგან, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, სენატს დემოკრატები აკონტროლებენ.


ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის 106 მილიარდ დოლარს ითხოვს.

ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, დამატებითი დაფინანსების აღნიშნული მოთხოვნა შეარბილებს „რუსეთის მიერ უკრაინაში ბრუტალური შეჭრისა და „ჰამასის“ მიერ ისრაელზე საშინელი თავდასხმების შედეგად შექმნილ გლობალურ ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი დახმარების გაფართოებით.“

პაკეტი, რომლის აღწერაც ბოლო დღეებში უკვე გადაეცა აშშ-ის კონგრესის წევრებს, ასევე დამატებით დაფინანსებას ითხოვს აშშ-მექსიკის საზღვრისთვის და აშშ-ის პრიორიტეტებისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.


მაიკ ჯონსონმა, რომელიც 26 ოქტომბერს თეთრ სახლში შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფ რესპუბლიკელებს კონსენსუსი აქვთ უკრაინის და ისრაელის დახმარების ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხზე.


ჯონსონის ინფორმაციით, რესპუბლიკელების ეს პოზიცია თეთრი სახლის წარმომადგენლებს გააცნო. სპიკერის თანახმად, გეგმავენ ცალკე პროექტის წარდგენას ისრაელისთვის 14 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარების გასაწევად. ჯონსონის თქმით, ეს თანხა სხვა საბიუჯეტო მუხლების შემცირების ხარჯზე უნდა მოიძიონ. რაც შეეხება უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, მაიკ ჯონსონის განცხადებით, სურთ იცოდნენ, რა არის უკრაინაში საბოლოო მიზანი, თუმცა, თეთრი სახლისგან პასუხი არ აქვთ.


აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის ცნობით, ხსენებული პაკეტი შემდეგნაირად გადანაწილდება: $61.4 მილიარდი დოლარის დაფინანსება უკრაინისთვის; 14 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის; 10 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარების ფორმით უკრაინისთვისა და მსოფლიოს გარშემო; 14 მილიარდი დოლარი აშშ-მექსიკის საზღვრის დაფინანსება ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფენტანილის პრობლემების მოსაგვარებლად; 7 მილიარდი დოლარი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვისა და ტაივანისთვის.

ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს 19 ოქტომბრის მიმართვისას განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.


ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.