ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სებ-ში ალიშერ უსმანოვის სარჩელის დოკუმენტები ახლახან შევიდა, თავად ამ სარჩელის არსებობა კი, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ იქნება.
„კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ სულ ახლახანს მივიღეთ დოკუმენტები და ვეცნობით. ჩვენი იურიდიული დეპარტამენტი მოამზადებს შესაგებელს და ჩვენი პოზიციებს დავიცავთ სასამართლოში. ეს რეალობაა, სასამართლო პროცესები არახალია ჩვენთვის, მაგრამ ეს დავაც ადასტურებს, რომ საქართველო ვერასოდეს და არასოდეს იძლევა ჩვენი საფინანსო სისტემა სანქციების გვერდის ავლის ადგილად, ჩვენი ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა იცავენ საერთაშორისო სანქციებს,” - განაცხადა ნათია თურნავამ.
ქართულმა იურიდიულმა კომპანია MKD Law-მ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკისა და “ლიბერთი ბანკის” წინააღმდეგ ორი სარჩელით სასამართლოს მიმართა.
სარჩელები ეროვნული ბანკის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციათა, შესაძლო, ხარვეზიან იმპლემენტაციას უკავშირდება.
სამთო და მეტალურგიული ჰოლდინგი „Металлоинвест“ რუსული საინვესტიციო ჰოლდინგის USM-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის 49%-ს მილიარდერი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი ალიშერ უსმანოვი ფლობს.