უზბეკეთის ხელისუფლება, USM ჰოლდინგის დამფუძნებლის, ალიშერ უსმანოვისა და მისი დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას ლობირებდა. ამის შესახებ The Financial Times-ის წყაროებმა განაცხადეს.
როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, უზბეკეთის ოფიციალურმა პირებმა, ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან ბოლო შეხვედრებით ისარგებლეს და ალიშერ უსმანოვისთვის დაწესებული სანქციების გამო, შეშფოთება გამოხატეს.
„ტაშკენტი ამტკიცებს, რომ შეზღუდვები ხელს უშლის უსმანოვს ინვესტირებას იმ ქვეყნის ეკონომიკაში, რომელთანაც მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს. ქვეყნის ხელისუფლება ასევე მზადაა, იურიდიული დახმარება გაუწიოს ბიზნესმენს, თუ ევროკავშირი უარს იტყვის შეზღუდვების მოხსნაზე“, - წერს გაზეთი.
„ჩვენ არ შეგვიძლია კომენტარის გაკეთება უზბეკეთის მთავრობის ქმედებებზე, მაგრამ სანქციები ხელს უშლის საინვესტიციო და საქველმოქმედო პროექტებს“, - განუცხადა უსმანოვის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს.
69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. მაისში მან დაკირებული სანქციები ლუქსემბურგის საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.